ჩოგბურთი

16:29 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის შემდეგ ბასილაშვილი: ქართველი ჰამბურგში ზედიზედ მეორედ გაჩემპიონდა!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ღია პირველობის ჩემპიონია! ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო და ლეგენდარული როჯერ ფედერერის შემდეგ (შვეიცარიელმა 2004-2005 წლებში იმარჯვა მიჯრით) პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ჰამბურგში ზედიზედ მოახერხა ჩემპიონობა.

შედეგად, ნიკოლოზმა 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა და რეიტინგში მე-16 ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრას რაც შეეხება, სამი სეტი გახდა გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო, მაგრამ თამაშის სცენარიდან გამომდინარე სანერვიულო თითქმის არაფერი ყოფილა, რადგან ბასილაშვილი რუს მეტოქე ანდრეი რუბლიოს ერთი თავით აღემატებოდა.

პირველი სეტი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი გამოდგა 55 წუთს გაგრძელდა და ქართველმა 7:5 იმარჯვა. მართალია, თავდაპირველად ბრეიკი რუსმა ჩოგბურთელმა შეასრულა, მაგრამ ჩვენებურმა სიტუაცია გამოასწორა და სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში კი ბასილაშვილმა მეტოქის მოწოდება ვერ მოიგო, ხოლო თავისი ერთხელ წააგო და შედეგად, ყველაფერი მესამე, გადამწყვეტ სეტზე მიდგა.

აი, გადამწყვეტ მომენტში კი ბასილაშვილმა რუბლიოვს შანსი არ დაუტოვა და 36 წუთში ძალიან მარტივად 6:3 აჯობა. საბოლოო ჯამში შეხვედრა 2 საათსა 9 წუთს მიმდინარეობდა და ნიკოლოზმა 7:5, 4:6, 6:3 იმარჯვა. აქვე ვთქვათ, რომ 27 წლის ქართველი რუბლიოვს კარიერაში მეორე შეხვდა და მეორედ სძლია.

ბასილაშვილმა ჰამბურგში უგო დელიენი, ხუან იგნასიო ლონდერო, ჟერემი შარდი, ალექსანდრ ზვერევი და ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ხსენებული ტრიუმფით 354 845 ევრო გამოიმუშავა და 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა. ამ ეტაპისთვის ჩვენებურს ATP-ის რეიტინგში პროგრესი არ ელის, თუმცა, არც რეგრესი ემუქრება. ვთქვათ ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მესამედ მოიგო ATP-ის 500-იანი მასტერსი (ორჯერ ჰამბურგში, ერთხელ პეკინში).

0.115293