კალათბურთი

11:50 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს U18 ნაკრები ლატვიაში და ესტონეთში სპარინგ-მატჩებს გამართავს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ჩვენს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში უწევს ასპარეზობა, რომელსაც წელს რუმინეთის ქალაქი ორადეა 26 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.

ტურნირში 24 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, დანიასთან, უკრაინასთან, სლოვაკეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად მოხვდა.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2 საუკეთესო გავა და სამეულში მოსახვედრად ბრძოლას გუნდები მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ. ისევე, როგორც ყველა ასაკობრივი ევროჩემპიონატის B დივიზიონში, 18-წლამდელებშიც 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს.

ევროპის ჩემპიონატში ჩართვამდე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 21 ივლისს, ქალაქ ვალმეირაში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 22-ში ესტონეთში გადავა და ქალაქ პიანუში ესტონელ თანატოლებს გაეჯიბრება.

ნაკრებს ლატვიაში შეუერთდნენ საბა გიგიბერია და ბუკა ფეიქრიშვილი. 18-წლამდელთა ნაკრებს უნდა შეემატოს ასევე რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ამჟამად პორტუგალიაში, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება. თემურ კანკიას გაწვრთნილი ნაკრები რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ლატვიიდან გაემგზავრება.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124179