ფეხბურთი

16:26 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძე: "ზოგჯერ იქ არ ვართ, სადაც გვინდა"

უნგრული „მეზოკოვესდის“ ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ყოფილ გუნდს, ქუთაისის „ტორპედოს“ სოციალური ქსელის მეშვეობით დაემშვიდობა.

„ვეძებდი შესაფერის დროს, რომ დამეწერა დასამშვიდობებელი წერილი ქუთაისის „ტორპედოზე“ და ამავდროულად გამამხნევებელი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე ამისთვის იდეალურია, რადგან დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქუთაისის „ტორპედოს“ გვერდში დგომა, მართალია ფიზიკურად ვერ ვახერხებ, რომ დავეხმარო რისიც ძალიან დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სფეროა ყოველთვის იქ არ ვართ, სადაც გვინდა. მინდა დღეს წარმატება ვუსურვო ჩემს ქუთაისს და „ტორპედოს“, ჩემს მეგობრებს, რომლებიც დღეს მინდორზე გამოვლენ და დარწმუნებული ვარ ღირსეულად გაართმევენ თავს ამ თამაშსაც და გავლენ შემდეგ ეტაპზე და გაახარებენ იმ ხალხს, რომლებსაც მათი სჯერათ.

რაც შეეხება ჩემს გატარებულ 6 თვეს „ტორპედოში“, ეს იყო საუკეთესო 6 თვე, რადგან დავინახე თუ როგორი უნდა იყოს გუნდი ისეთ რთულ დროს, როგორშიც „ტორპედო“ იყო, ყველა ბოლო წუთამდე ვინარჩუნებდით ერთობას და ეს ნიშნავს იმას, რომ „ტორპედო“ იყო ერთი დიდი ოჯახი და მომავალშიც ასე იქნება. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ამ 6 საუკეთესო თვისთვის. მადლობა რა თქმა უნდა, კახა ჩხეტიანს და მის სამწვრთნელო სტაფს, მადლობა ფეხბურთელებს, რომელთა გვერდითაც ვიცავდი ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას , მადლობა გუნდში ყველა მომუშავე პერსონალს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ გუნდისთვის, მადლობა რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვამხნევებდნენ. მადლობა და წარმატებები“, - დაწერა ქართველმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

ბუდუ ზივზივაძემ „ტორპედოს“ მაისურით 22 თამაში ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, კარიერას კი უნგრულ „მეზოკოვესდში“ გააგრძელებს. აქვე გეტყვით, რომ „ტორპედო“ დღეს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „ორდაბასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.11371