კალათბურთი

18:40 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკობოვი და როგავა ფიბა-ს სამწვრთნელო პროგრამის (FECC) სერთიფიკატის მისაღებად ისრაელში იმყოფებიან

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ევროპის საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ახალგაზრდა ქართველმა მწვრთნელებმა – დიმიტრი ჯაკობოვმა და დავით როგავამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული სამწვრთნელო პროგრამა გაიარეს, რომელსაც რამდენიმე დღეში გამოცდებით დაასრულებენ.

სამწვრთნელო პროგრამის – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – მიმდინარე ეტაპი 2017 წელს დაიწყო და მისი პირველი სემინარები მონტენეგროში, ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა. მომდევნო ეტაპს წინა წლის ზაფხულში ლატვიამ, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის მსვლელობისას უმასპინძლა, ხოლო დასკვნითი, სერთიფიკატის გამცემი სემინარ-გამოცდები ახლა მიმდინარეობს ისრაელში, სადაც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის A დივიზიონის მატჩები იმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და მწვრთნელთა კავშირის ძალისხმევით ჯაკობოვი და როგავა ყველა ნახსენებ სემინარს დაესწრნენ და ახლაც ისრაელში, დასკვნით ეტაპში სამონაწილეოდ იმყოფებიან, სადაც, როგორც ყველა ეტაპზე, უმაღლესი რანგის კალათბურთის სპეციალისტები არიან თავმოყრილნი, რომლებიც ახალგაზრდა მწვრთნელებს სემინარებს უტარებენ, ავარჯიშებენ და დასკვნით დღეებში გამოცდებს ჩაუტარებენ.

FECC-ის პროგრამის გრაფიკი საკმაოდ დატვირთულია. მონაწილეეებს დილიდან სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში უწევთ თეორიული სემინარების მოსმენა, შემდეგ კი სავარჯიშო დარბაზებში, პრაქტიკული მეცადინეობებისთვის ინაცვლებენ. საღამოს კი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ესწრებიან და ევროპელ სპეციალისტებთან ერთად სხვადასხვა ტაქტიკურ თუ სათამაშო კომპონენტებს განიხილავენ.

პროგრამაში ამჯერადაც მოწვეულნი არიან ცნობილი სერბი სპეციალისტი სვეტისლავ პეშიჩი, მადრიდის “რეალის” მწვრთნელი პაბლო ლასო და ცნობილი ებრაელი სპეციალისტი არიკ შივეკი. ხოლო ჩვენთვის კარგად ნაცნობი იგორ კოკოშკოვი მიმდინარე პროგრამაში პირველად მონაწილეობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც შარშან სლოვენიას უთავკაცა და ევროპაში გააჩემპიონა, ერთ-ერთი გამომცდელი იქნება შემაჯამებელ გამოცდებზე.

FIBA Europe Coaching Certificate-ის შემაჯამებელი გამოცდები სემინარების ბოლოს, 22-23 ივლისისთვის გაიმართება. სულ 3 სახის გამოცდა იქნება: წერითი, გამომცდელ სპეციალისტებთან გასაუბრებითი და თეორიული. წერითი გამოცდა ზოგადი, ყველაფრის მომცველი იქნება. გასაუბრებითი გამოცდის ჩაბარება პროგრამის მონაწილეებს წამყვან სპეციალისტებთან სამწვრთნელო თემებზე მსჯელობით მოუწევთ.

და ბოლოს, გამოცდა უშუალოდ მოედანზე, რა დროსაც პროგრამის მონაწილეებს წინა დღით მიცემული სამწვრთნელო-სავარჯიშო თემატიკის დავალებების განხორციელება უშუალოდ კალათბურთელებთან მოუწევთ. ამ 3 გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პროგრამის მონაწილეებს შესაბამისი დონის ევროპის ყველაზე პრესტიჟული პროგრამის (FECC) სერთიფიკატები გადაეცემათ.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118463