ფეხბურთი

0:09 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახა ჩხეტიანი: "ქართული სულით და ქართული გულით უნდა ვითამაშოთ"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიფიკაციო ეტაპზე „ორდაბასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ჩხეტიანის განცხადებით, გუნდი ინტენსიურად ემზადებოდა ამ მატჩისთვის და ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის:

„ყაზახეთიდან ჩამოსვლის დღიდან ვემზადებით, გავაანალიზეთ ის თამაში, რომელიც სტუმრად წავაგეთ და გვაქვს გეგმა და ვიმედოვნებთ, რომ გამოგვივა ისე, როგორც ჩვენ გვინდა გვაწყობს.

დოლიძის თამაშია საეჭვოა, რომელიც ემზადება გუნდთან ერთად და ვნახოთ. შესაძლოა 90 წუთისთვის არა, მაგრამ ის მზადაა ნებისმიერ დროს გუნდს დაეხმაროს და თავისი წვლილი გამარჯვებაში შეიტანოს. გადრანი კი ტრავმირებულია და დანარჩენები მზად არიან. ის ფეხბურთელები, რომლებიც დავიმატეთ, ნორმალურ ფიზიკურ ფორმაში იმყოფებიან, ზოგიერთს სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, მაგრამ დღითიდღე უმატებენ და ძალიან სერიოზულად ემზადებიან. მინდა მადლობა გადავუხადო, მათ გათავისებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ თამაშზე გვჭირდება.

მინდა ჩემს ქუთათურებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს მივმართო, რომ ის წარმატება, რომელსაც აქამდე მივაღწიეთ, ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა და თქვენი წვლილი ძალიან დიდი ამაში და თქვენს გარეშე ამის ნახევარსაც ვერ შევძლებდით. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ქართველი იქნება სტადიონზე ჩვენს მხარდასაჭერად, რაც ძალიან გვჭირდება ამ სიტუაციაში.

ვფიქრობ, იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დავიმატეთ, შესწევთ ძალა კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდეს და დანარჩენი უკვე ეტაპობრივად გამოჩნდება. მთავარია ის პრობლემა მოგვარდეს, რომელიც გუნდს აქვს.

მთლიანობაში გუნდი კარგად დაკომპლექტებულია, დაბალანსებული, კონტრშეტევებზე ძალიან კარგები არიან, დაცვაშიც გუნდურად თამაშობენ, ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები გოლი აქვთ გაშვებული. ჰყავთ კარგი დაცვის და შეტევის ხაზი. მანამდეც აღვნიშნე, რომ ეს კახა ცხადაძის დამსახურებაა და ხვალინდელი თამაშის შემდეგ მას დიდ წარმატებებს ვუსურვებ, ჩემპიონობასაც, მაგრამ ხვალ ვერ ვუსურვებ.

ყველაფერს ვეცდებით, წინასწარ რა გვაქვს დაგეგმილი, ნუ მალაპარაკებთ. ჩვენ 5 მცველით არასდროს გვითამაშია, მაგრამ ეს მოწინააღმდეგემაც გვაიძულა. სამწუხაროდ, ფეხბურთში მალე ყველაფერი არ ლაგდება, მაგრამ ის პროგრამა მინიმუმი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მინიმალური ანგარიშით წავაგეთ და შანსი ისევ გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ვეცდებით, რომ ისე წავიყვანოთ თამაში, რომელიც წარმატებას მოგვიტანს.

რა თქმა უნდა, გუნდის შენებას წლები სჭირდება და ფეხბურთი ძალიან ბევრი ასპექტისგან შედგება და ორ კვირაში ეს ვერ დალაგდება. მაგრამ, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ბიჭების მონდომების, ნიჭიერების და ისინი საქმეს სერიოზულად უდგებიან“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

მატჩამდე კომენტარი „ტორპედოს“ ნახევარმცველმა მათე ცინცაძემაც გააკეთა:

„ყოველდღე ვარჯიშები გვაქვს, მოლოდინი ძალიან დიდია და ყველანაირად ვეცდებით, რომ შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავიდეთ. გუნდშ საბრძოლო განწყობაა და ბიჭები მზად ვართ, რომ მთელი თამაში ჩვენ ვდომინირებდეთ და ყველაფერს გავაკეთებთ მოედანზე, მოუთმენლად ველოდებით თამაშის დაწყებას“, - აღნიშნა ციცნაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ ყაზახეთში 0:1 წააგო, ხოლო საპასუხო მატჩი 18 ივლისს, „მიხეილ მესხზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

0.113776