ფეხბურთი

23:30 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფ შტრასერი: "ჩიხურასა" და ჩვენს შორის დიდი სხვაობა არაა"

ლუქსემბურგის „ფოლა ეშის“ მთავარი მწვრთნელი ჯეფ შტრასერი მიიჩნევს, რომ მის გუნდსა და „ჩიხურას“ შორის დიდი სხვაობა არაა. ლუქსემბურგელი სპეციალისტის განცხადებით, „ფოლა ეშმა“ ყველაფერი გააკეთა დადებითი შედეგისთვის, მაგრამ მეტოქემ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა.

„ვეცადეთ ჩვენი თამაში გვეთამაშა, მაგრამ სწრაფი გოლი გავუშვით და შემდეგ ფეხბურთელი გაგვიძევეს, მაგრამ მსაჯს შეეძლო ჩვენი ფეხბურთელი არ გაეძევებინა. თუმცა ამ საკითხზე დისკუსიას არ ვაპირებ, გამეორებაზე ვნახე ეპიზოდი და წითელი ბარათის საფუძველიც არსებობდა. ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ჩემი აზრით, „ჩიხურასა“ და „ფოლა ეშს“ შორის დიდი სხვაობა არაა. არ ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, რამდენჯერმე შეგვეძლო გოლის გატანა, მაგრამ მეტოქემ მომდევნო ეტაპზე გასვლა დაიმსახურა. პირველ თამაშში ორივე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით, დღეს კი მეტოქემ პირველი საკმაოდ ლამაზი გოლი გაიტანა. „ჩიხურას“ ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც კარგად თამაში შეუძლიათ“, - თქვა შტრასერმა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურამ“ ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგული „ფოლა ეში“ ორი მატჩის ჯამში 4:2 (2:1, 2:1) დაამარცხა და მეორე ეტაპზე გავიდა. მეტოქე ხვალ ფინური „როვანიემისა“ და შოტლანდიური „აბერდინის“ წყვილში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126284