ბლოგი

15:15 | 14.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

დომინო, ნარდი და თბილისური ზაფხულის ხიბლი

ახლა ზაფხულია და თბილისურ ეზოებში კვლავინდებურად ისმის დომინოს ჭახუნისა და ნარდის კამათლის გორების ხმა. დომინოს თამაშის ტრადიციამ მასიური სახე თბილისში 20-ე საუკუნის ოციანი წლებიდან მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში ადრეც იცოდნენ საქართველოში და ე.წ. მაღალი წრის საზოგადოების საყვარელ თამაშადაც ითვლებოდა. დღეს, თბილისში, დომინოს ყველაზე სტაჟიან მოთამაშეებს წააწყდებით. მიუხედავად ამ ხალხის მხრცოვანი ასაკისა, შეუძლებელია არ გაგაოცოთ თამაშის მათმა უცნაურმა და, მე ვიტყოდი პროფესიონალურმა მანერამ.

ვისაც დომინო თუნდაც ერთხელ მაინც უთამაშია, ყველას ეცოდინება, რომ ეს თამაში უმთავრესად სვლების სწორად გამოთვლასა და მოწინააღმდეგეზე მეტი ქულის დაგროვებაზეა აგებული. მაგრამ თბილისელ სტაჟიან დომინოს მოყვარულებს, ეს ერთი შეხედვით ძირითადი თამაშის წესები უკვე არაფრად უღირთ და თვითონ თამაში ყველა მათგანმა იმდენად ღრმად იცის, რომ ქვების მორევისა და ხელში 7-7 კოჭის აღების შემდეგ, უკვე წინასწარ იციან თუ ვინ რა ქვას წამოვა და ვინ რამდენს დაიწერს. ამიტომ საანგარიშოზე, კუთვნილ ქულებს ეგრევე იწერენ და ახალი ჩამოტარებისთვის ქვების მორევას იწყებენ. საინტერესოა ისიც, რომ ქულების ასე ვთქვათ წინასწარ დაწერის დროს პროტესტს, “აქაოდა თამაში რომ გაგვეგრძელებინა, მე მეტს ავიღებდიო”, არავინ გამოთქვამს. ყველამ ყველაფერი ისე ზუსტად იცის, რომ მათ შემხედვარე უცხო ადამიანს აუცილებლად გაოცებულს დატოვებენ.

ალბათ ბევრი შევსწრებივართ მუშტაიდის ბაღის დომინოს “ნაღდი” მოთამაშეების რამდენიმე პარტიას და ამ ადამიანების თქმით დომინოს მთელი “მუღამი“ ის არის, რომ ამ თამაშს როგორც წესი, მხოლოდ მეგობრები და ძმაკაცები თამაშობენ. ეს არ არის კარტი, რომ ნებისმიერთან თამაში შეიძლებოდეს. ამიტომ დომინოში მოგებაც და წაგებაც სხვა ამბავია და ყველაფერი მაინც სიყვარულზეა დამოკიდებული.

დომინოსგან განსხვავებთ ნარდი, წმინდა აღმოსავლური თამაშია, რომლის პოპულარიზაცია საქართველოში სულაც არ არის გასაკვირი თუკი ჩვენსა და ირან-თურქეთის ოდინდელ “ტკბილ მეზობლობას” გავიხსენებთ. როგორც ევროპელები ამბობენ, ნარდი რომ გიყვარდეს, სამ აუცილებელ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე: 1. უნდა იყო სულით აზიელი. 2. უნდა შეგეძლოს დროის კულტის სრული უარყოფა. 3. ანგარიში ევროპის საშუალო დონის მასწავლებელზე უკეთ უნდა შეგეძლოს.

ეს შეხედულება ნარდთან და კავშირებით ერთობ არასერიოზული და ფაქტობრივად იუმორისტულია, თუმცა, თუკი ქართველი მამაკაცების ნარდისადმი სიყვარულს გავითვალისწინებთ, ყველა მცდარი თუ მართებული შეხედულება თავის კუთვნილ ადგილზე დადგება. ნარდი ისევე როგორც დომინო ეზოსა და სამეზობლოს თამაშად არის აღიარებული, თუმცა ნარდს შედარებით ცოტა დრო უნდა და რაც მთავარია ძალიან აზარტული თამაშია. თუკი ერთხელ ჩაუჯექი, მერე უკვე, თამაშიდან ადგომა ძალიან გიჭირს. ერთი სიტყვით, ნარდი თბილისური ეზოს ნამდვილი “ოპიუმია“.

ამ ყველაფრის ფონზე, განსაკუთრებულად გულდასაწყვეტია რომ თბილისურ ეზოებში სულ უფრო იშვიათად შეხვდებით ეხოს ფეხბურთითა და ეზოს კალათბურთით დაკავებულ ახალგაზრდებს. სამაგიდო თამაშებიც ძირითადად უფროსი თაობის გასართობია. ახალგაზრდები კი ჩვენს ეპოქაში უპირატესობას კომპიუტერულ თამაშებს ანიჭებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109079