კალათბურთი

0:15 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა 20-წლამდელებმა ჰოლანდია დაამარცხეს

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელსაც პორტუგალიის ქალაქი მატოსინოსი მასპინძლობს.

მილოშ გლიგორიევიჩის, ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის შეგირდები ჰოლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მართალია, ბუექმეიქერთა აზრით, “ნარინჯისფრები” აშკარა ფავორიტები იყვნენ, გამარჯვება ჩვენებს დარჩათ – 85:73.
საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 31:16 მოიგო, მოგვიანებით კი, უპირატესობა 18 ქულამდე აიყვანა. ჰოლანდიელებმა გაიბრძოლეს და მე-2 ტაიმის სტარტზე ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანეს, თუმცა, დარჩენილ დროში მაინც ქართველებმა იყოჩაღეს. ერთი პირობა ჩვენები 75:53 დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი, 12 ქულით მოიგეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა, 8 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა, თუმცა, ამავდროულად 12 დაკარგვაც ჰქონდა. შედეგად, სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, მას ორმა თანაგუნდელმა აჯობა.
ცოტნე ცარციძემ 12 ქულას 11 მოხსნა წაამატა, ლუკა მაზიაშვილმა კი 17 ქულა, 7 მოხსნა დ 4 პასი მოაგროვა. გამოსარჩევია ზურაბ ჟღენტის შედეგიანი თამაშიც. მან ნაკრებს 14 ქულა და 7 მოხსნა შესძინა.
C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ირჯება, ესტონეთმა კოსოვოს 86:37 სძლია, შვედეთმა კი სომხეთს 149:26 (!) მოუგო.
ქართველი კალათბურთელები 13 ივლისს სწორედ სომხეთს ეთამაშებიან, 14-ში შვედეთთან მატჩია, 16-ში – კოსოვოსთან, ხოლო 17-ში – ესტონეთთან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში 21 ნაკრები ოთხ ჯგუფშია გადანაწილებული.
A ჯგუფი: უნგრეთი, ირლანდია, ისლანდია, ბელარუსი, რუსეთი
B ჯგუფი: ჩეხეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ფინეთი
C ჯგუფი: შვედეთი, კოსოვო, ჰოლანდია, საქართველო, სომხეთი, ესტონეთი
D ჯგუფი: პორტუგალია, ლუქსემბურგი, ბელგია, ჩრდილო მაკედონია, სლოვაკეთი
გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა და ბრძოლას საუკეთესო სამეულში მოსახვედრად განარძობს.
სწორედ 3 საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს ელიტარული, A დივიზიონის საგზურს. ჯგუფში ჩარჩენილი გუნდები მეცხრე-ოცდამეერთე ადგილებისთვის გააგრძელებენ ასპარეზობას.

მატჩის ფოტოგალერეა

მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი

0.117327