კალათბურთი

20:23 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს კალათბურთის ფედერაციაზე
ფედერაციამ "სასკი ბასკონიას" 4 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, თავად კი ფინანსური სარგებელი ჯერ არ მიუღია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და ესპანურ საკალათბურთო კლუბ „ბასკონიას“/ფონდ „5+11“-ს შორის 2014 წელს გაფორმებული 2,5 მილიონი ევროს ღირებულების 5 წლიანი ხელშეკრულების ფარგლებში, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობა შეისწავლა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2015-2018 წლებში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაიხარჯა 4 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ხელშეკრულების თანახმად, ქართულ მხარეს პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავალი 2017 წლიდან უნდა მიეღო, ფინანსური სარგებელი დღემდე არ მიუღია.

რაც შეეხება სხვა დარღვევებს, აუდიტით გამოვლინდა, რომ მოთამაშეთა მომზადება საქართველოში კალათბურთის განვითარების მიზნით, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მისაღწევი შედეგი მოთამაშეთა მომზადების ნაწილში განსაზღვრულია ზოგადად და არ არსებობს ფედერაციის მხრიდან მისი შესრულების მდგომარეობის შეფასების შესაძლებლობა. ანგარიშის მიხედვით, ქართული კემპისათვის მონაწილეთა შერჩევა არ ეფუძნება რელევანტურ და გამჭვირვალე შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმების სისტემას.

დოკუმენტის მიხედვით, მოთამაშეების შერჩევაზე ფედერაციის წესების არარსებობის გამო, გაურკვეველია, რა კრიტერიუმების საფუძველზე განხორციელდა ქართულ კემპში მონაწილე მოთამაშეთა შერჩევა და რატომ არის განსხვავება წლების მიხედვით მოთამაშეთა შესარჩევ კონტიგენტს შორის. ასევე, ანგარიშის თანახმად, სახელშეკრულებო პირობები და კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფედერაციის მიერ მოცემული პროექტის ფარგლებში, კლუბში მომზადებული კალათბურთელების გაყიდვის, ტრანსფერის ფაქტის დადგენისა და შეტანილი ეკონომიკური წვლილის შესაბამისად, ფინანსური სარგებლის მიღების სამართლებრივი მექანიზმების არსებობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ მომსახურების ანაზღაურების არსებული წესი შეიცავს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.

ანგარიშის მიხედვით, ხელშეკრულებით და „გარანტიის დაზღვევის სერტიფიკატით“ არ არის განსაზღვრული გარანტიის გამცემი სადაზღვევო კომპანიის მიმართ ფედერაციის მოთხოვნის წარმოშობის კონკრეტული პირობები და გარემოებები, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს „სასკი ბასკონია“/„ფონდი 5+11“-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგარანტიო ვალდებულების ამოქმედებას. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, 2015-2018 წლებში ფედერაციის ვალდებულება, მოთამაშეების მომზადებისათვის „სასკი ბასკონიის“ ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის შესახებ შესრულებულია სრულად, ეკონომიკური წვლილის შესაბამისი ფინანსური სარგებელი ფედერაციას ამ ეტაპზე არ მიუღია, მიუხედავად კლუბის მხრიდან სახელშეკრულებო დათქმისა, რომ პროექტის ფარგლებში მომზადებული მოთამაშეების ტრანსფერიდან შემოსავლის მიღება დაიწყებოდა 2017 წლიდან. ანგარიშის თანახმად, „სასკი ბასკონიის“ მიერ გაწეული ტექნიკური მომსახურების ანაზღაურება განხორციელებულია მხოლოდ წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე, ხარჯვითი ოპერაციების ფაქტობრივად შესრულების დადასტურების გარეშე. წლების მიხედვით − მივლინების პერიოდებს, მივლინებული პირების რაოდენობებსა და სამივლინებო ხარჯების მოცულობებს შორის არის არსებითი ხასიათის შეუსაბამობები.

დოკუმენტის მიხედვით, არ არის განსაზღვრული და შეთანხმებული ქართულ კემპში მონაწილე ესპანელ სპეციალისტებზე ასანაზღაურებელი ჰონორარის ოდენობა. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ქართველი მწვრთნელების მოსამზადებელი პროგრამა არ შექმნილა და აღნიშნული პროგრამის მიხედვით, „სასკი ბასკონიის“ სპორტულ სტრუქტურებში მწვრთნელების 3 თვის განმავლობაში მომზადება არ განხორციელებულა. აუდიტის სამსახური გამოვლენილი ხარვეზებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და ფედერაციიისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლის თანახმადაც, „კალათბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის“ მიზნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით უნდა შეთანხმდეს მისაღწევი შედეგის კონკრეტული ინდიკატორები, „სასკი ბასკონიას“ მოსამზადელ სტრუქტურებში ქართველი და უცხოელი კალათბურთელების შერჩევის წესი და პარიტეტი; ამასთანავე, გონივრული პერიოდულობით მომზადდეს და განხილულ იქნეს ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასების ანგარიში.

www.ipn.ge

Loading...
0.122998