ფეხბურთი

17:25 | 8.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელები მესის წინააღმდეგ: "ისტორიას პატივისცემა სჭირდება, ჩვენ ხუთი ვარსკვლავი გვაქვს"

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ლიონელ მესის სკანდალური განცხადება ჩილესთან მატჩის შემდეგ აქტუალობას არ კარგავს. მოგეხსენებათ, მესიმ მსაჯები და კონმებოლი კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ბრაზილიის გასაჩემპიონებლად კეთდებოდა.

32 წლის ფეხბურთელის ბრალდებები უპასუხოდ არ დაუტოვებიათ თავად ბრაზილიელებსაც. მთავარი მწვრთნელიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დასრულებული, მესის ურჩევენ, რომ წაგებას შეგუება უნდა და წარსულში მის სასარგებლოდაც არაერთხელ დაუშვიათ მსაჯებს შეცდომები.

ტიტე მიიჩნევს, რომ მესიმ უპატივცემულობა გამოიჩინა და ეს კარგი საქციელი არაა:

„მესი არამიწიერი ადამიანია და ამას ვერ უარვყოფთ, მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა. როდესაც მარცხდები, უნდა შეეგუო, შეინარჩუნო სიმშვიდე და პატივისცემით ისაუბრო. ვეთანხმები, რომ ჩილესთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ სამჯერ იყო მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევა, მეოთხედ კი, როდესაც კაზემირო დააჯარიმეს, მსაჯმა ჯარიმა დანიშნა, მიუხედავად იმისა, რომ წესი არ დაურღვევია. სწორედ ამას მოჰყვა აგუეროს თავური, რომელიც ხარიხას მოხვდა. ამიტომაც, ვიტყვი, რომ ბრაზილიამ არგენტინასთან სუფთად ითამაშა“, - თქვა ტიტემ.

ბრაზილიის ნაკრების მცველი ტიაგო სილვამ კი ლეოს „ბარსელონასა“ და „პარი სენ ჟერმენის“ ცნობილი მატჩი შეახსენა:

„მესის სიტყვები? რთულია ამაზე საუბარი, რადგან როდესაც აგებ, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობას გაკისრებს. როდესაც „ბარსელონამ“ პსჟ 6:1 დაამარცხა მსაჯის სამარცხვინო გადაწყვეტილებებით, არავის კომენტარი არ გაუკეთებია. ისტორიას პატივისცემა სჭირდება, ჩვენ 5 ვარსკვლავი გვაქვს (მსოფლიოს ჩემპიონობა - რედ) და არცერთი მათგანი არ მოგვიპარავს“, - აღნიშნა ტიაგო სილვამ.

დაახლოებით იგივე პათოსით გამოირჩა სილვას თანაგუნდელი მარკინიოსიც და თქვა, რომ „ბარსელონაში“ ყოფნის დროს მესის კორუფციაზე არასდროს ულაპარაკია:

„მსაჯებს ბევრი გადაწყვეტილება „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრებში მის სასარგებლოდ მიუღიათ, მაგრამ არავის ულაპარაკია მსაჯის კორუფციაზე. მესი დამარცხდა და ამას უნდა შეეუგოს, ჩვენც დაგვიკარგავს ტიტულები. რუსეთის მუნდიალზე ბელგიასთან შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, წავაგეთ“, - განაცხადა მარკინიოსმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124368