ფეხბურთი

23:40 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" გრიზმანსა და "ბარსელონას" გაუწყრა: "ფეხბურთელი ვალდებულია წინასასეზონო შეკრება ჩვენთან ერთად დაიწყოს!"

ანტუან გრიზმანის „ბარსელონაში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. ცოტა ხნის წინ მადრიდული გუნდის ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფრანგი ვალდებულია წინასასეზონო შეკრებაზე „როხიბლანკოს“ რიგებში გამოცხადდეს.

საქმე ისაა, რომ დღეს „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გრიზმანთან მოლაპარაკებების შესახებ საჯაროდ ისაუბრა. „ატლეტიკო“ კი კატალონელებსა და „ბარსას“ უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

„14 მარტს ანტუან გრიზმანმა მთავარ მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორ ბერტას აცნობა, რომ კლუბის დატოვება სურდა. „ატლეტიკომ“ „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ შეიტყო, რომ ფეხბურთელი და „ბარსელონა“ მოლაპარაკებებს ფარულად თებერვლიდან მართავდნენ.

დიახ, მართალია, რომ გუშინ შეხვედრა გაიმართა ხილსა და „ბარსელონას“ წარმომადგენელ გრაუს შორის და მათ 120 მილიონის სანაცვლოდ ფეხბურთელის გათავისუფლება ითხოვეს. „ატლეტიკოს“ პასუხი უარყოფითია, რადგან ფეხბურთელმა და „ბარსელონამ“ არ გამოავლინეს პატივისცემა არც კლუბისა და არც გულშემატკივრების წინაშე.

ამ მოტივით „ატლეტიკომ“ ფეხბურთელს მოსთხოვა ხელშეკრულების ვალდებულებების შესაბამისად მომდევნო კვირას გუნდში გამოცხადდეს და წინასასეზონო შეკრება თანაგუნდელებთან ერთად დაიწყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გრიზმანის „ატლეტიკოდან“ წასვლა მაისის ბოლოს დადასტურდა, თუმცა გუნდი, სადაც ფრანგი გადავიდოდა, ოფიციალურად დღემდე არ გაჟღერებულა. ნიშანდობლივია, რომ ცოტა ხნის წინ გრიზმანის 7-ნომრიანი მაისური „ატლეტიკომ“ ახალწვეულ ჟოაო ფელიშს ოფიციალურად გადასცა.

Loading...
სტატისტიკა
0.238461