სხვა

16:05 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ევროპული თამაშები საზეიმოდ დაიხურა

მინსკის „დინამოს" სტადიონზე წუხელ გვიან ღამით დასრულდა მეორე ევროპული თამაშების დახურვის საზეიმო ცერემონია. სამსაათიანი შოუს პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილე ქვეყნების დროშების აღლუმს.

საქართველოს დროშა მოჰქონდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსან წევრს, ამ თამაშების ვერცხლის პრიზიორს იაკობ ქაჯაიას.

შემდეგ სტადიონზე გამოჩნდნენ კონტინენტის 50 ქვეყნის სპორტული დელეგაციები და მოხალისეები. მაყურებლებმა სტადიონის სხვადასხვა კუთხეში დამონტაჟებულ მონიტორებზე იხილეს თამაშების ყველაზე საინტერესო ეპიზოდების ვიდეოკოლაჟი, თამაშების ჩემპიონების, მწვრთნელების, მაყურებლების, სტუმრების კომენტარები.

საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი და მოწვეული ცნობილი საესტრადო და საოპერო შემსრულებლები, ნაციონალური ანსამბლები.

სტადიონზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. შემდეგ მიკროფონთან მივიდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი. მან ისაუბრა თანამედროვე სამყაროში სპორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ „მეორე ევროპული თამაშები იქცა ევროპისა და საერთაშორისო სპორტის ნამდვილ დღესასწაულად".

კოჩიანჩიჩმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს ათდღიანი მულტისპორტული ასპარეზობის საუკეთესოდ ჩატარებისთვის და მეორე ევროპული თამაშები დახურულად გამოაცხადა. დახურვის ცერემონიას ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი.

მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოიპოვეს. მათ შორის - 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე შედეგი აჩვენეს.

მესამე ევროპულ თამაშებს 2023 წელს კრაკოვი (პოლონეთი) უმასპინძლებს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.20663