ბლოგი

10:58 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

3 ივლისს, გამთენიისას...

მიმდინარე კოპა ამერიკას ერთი უმთავრესი ფავორიტი ყავს და ეს ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებია. ბრაზილია როდესაც ტურნირს საშინაო არენებზე ატარებს განსაკუთრებულად სახიფათოა და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ ხუთი წლის წინ ბრაზილაში გამართული მუნდიალის მიერ მიყენებული ჭრილობები შეხორცებას საჭიროებს და ეს მხოლოდ რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვებით შეიძლება მოხდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე კარგად გამოსვლის შემდეგ ბრაზილიელებმა პარაგვაისთან გამართულ ნახევარფინალურ ჯახში მხოლოდ პენალტების სერიით იმარჯვეს, ბრაზილიაში მაინც არავის შეუტანია ეჭვი, რომ სამხრეთ ამერიკის უმთავრეს ტურნირზე სწორედ ლურჯ-ყვითლებმა უნდა იმარჯვონ.

ამ სურვილებსა თუ ოცნებას ზურგს არგენტინის ნაკრების თვალხილული სიბეჩავე და კოლუმბიელთა ჩემპიონატიდან გავარდნაც ერთვის. კოლუმბიელები სწორედ არგენტინასა და ბრაზილიასთან ერთად ითვლებოდნენ წლევანდელი კოპა ამერიკის მთავარ ფავორიტებად და ბოლო წლებში სასურველზე ბევრად ცუდად მოთამაშე ჩილემ მაინც მოახერხა ხამეს როდრიგესისა და ხუან კუადრადოს გუნდის ტურნირიდან გამოთიშვა.

ჩვენს მიერ უკვე ხსენებულმა 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალმა მრავალი რამ წარმოაჩინა და პირველყოვლისა დაგვარწმუნა იმაში, რომ ბრაზილიაში ფეხბურთიც შეიცვალა და ხალხიც. თუკი 1950 წლის მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების ფიასკო მთელმა ბრაზილიამ ძალიან რთულად მიიღო, 2014 წლის მუნდილზე გერმანიასთან სამარცხვინო მარცხის მიუხედავად ამ ქვეყანაში ნამდვილად არ მომხდარა დიდი უბედურება. არც აჯანყება ყოფილა და არც ეკონომიკური კრიზისი დაწყებულა. ჩვენს დროში ადამიანები მარცხსაც და გამარჯვებასაც ბევრად უფრო მარტივად აღიქვამენ და გამონაკლისი როგორც ჩანს არც ბრაზილიაა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრაზილიის ხელისუფლებასა და იქაური ფეხბურთის ბოსებს დამშვიდების უფლება არ უნდა ქონდეთ, რადგან მართალია კოპა ამერიკა რანგით მსოფლიოს ჩემპიონატს ნამდვილად ვერ შეედრება (ამ ტურნირზე მოგეხსენებათ არც გერმანია მონაწილეობს, არც ესპანეთი და არც საფრანგეთი, სხვა დიდ ნაკრებებზე რომ არაფერი ვთქვათ...) მაგრამ წლევანდელ კოპაზე ბრაზილიის მარცხი ბრაზილიელი ქომაგისთვის შესაძლებელია მუნდიალზე ბევრად უფრო მტკივნეული იყოს. სადაც უეჭველ მოგებას ელი, იქ რა თქმა უნდა უფრო მეტი იმედგაცრუება იმალება.

კოპა ამერიკა თუკი რამით ფასობს, ეს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების სავარაუდო შეხვედრაა და ძალიან გულსატკენია ის ლათინოამერიკული ტურნირები, სადაც ეს გუნდები ერთმანეთს ვერ ხვდებიან. კოპა ამერიკაზე ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებთა ნახევრფინალი არგენტინელთათვის რიგითი მატჩი ცხადია ვერ იქნება, მაგრამ ამ შეხვედრას ბრაზილისთვის მაინც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როდესაც ბრაზილია ხარ ერთია როდესაც ძლევამოსილ გერმანიასთან მარცხდები და სულ სხვაა, როდესაც დაჩაჩანაკებულ არგენტინის ნაკრებთან აგებ. სწორედ ამიტომაც, ბრაზილიისთვის ამ მატჩში მარცხი ლამის სიკვდილის ტოლფასია. ღირსების გარდა სასწორზე მომავალიც დგას. 3 ივლისს, გამთენიისას დიდი ამბების მხილველნი გავხდებით!

Loading...
0.157084