ავტოსპორტი

23:23 | 29.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეკლერი ავსტრიის დიდი პრიზის პოულზე

„მერსედესის“ და ლუის ჰამილტონის ჰეგემინია ისევ შეწყდა, მაგრამ ჯერ ისევ მხოლოდ კვალიფიკაციაზე - ავსტრიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „ფერარის“ შარლ ლეკლერმა მოიგო, რომელმაც მეორე უსწრაფეს ჰამილტონს 0.259 წამით აჯობა.

21 წლის მონაკოელმა რბოლა ფავორიტის რანგში დაიწყო, რის საფუძველსაც ის გარემოება იძლეოდა, რომ მას სამიდან, ორ თავისუფალ პრაქტიკაზე საუკეთესო შედეგები ჰქონდა. მან პირველივე ცდაზე დაიკავა ცხრილის მოწინავე პოზიცია და მეორე ცდაზე ლიდერობა გაიმყარა. „რდ ბულ“ რინგის 4.3-კილომეტრიანი ტრეკი მან წუთსა და 03.003 წამში გაიარა, რაც ამ ტრეკის რეკორდული დროა.

ლეკლერისთვის ეს კარიერაში მეორე პოულ პოზიციაა. პირველი ბაჰრეინში მოიპოვა და იმ რბოლასაც მოიგებდა, რომ არა ძრავის პრობლემები, რომლებიც ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე წარმოქმნა. ლეკლერი სტარტზე სოფტ საბურავებით გავა. მისგან განსხვავებით, სხვა მოწინავეები მედიუმით იასპარეზებენ.

ჰამილტონმა მეორე დრო კი აჩვენა, მაგრამ იმის გამო, რომ პიტლეინდან გამოსვლისას, სწრაფ წრეზე მყოფ კიმი რაიკონენს შეუშალა ხელი, მსაჯებმა სამი ადგილით დააქვეითეს. მის ადგილს მაქს ფერსტაპენი შეავსებს, ვისაც ავსტრიის რბოლა გასულ სეზონში აქვს მოგებული.

მეოთხე დროს დასჯერდა ვალტერი ბოტასი, ვისაც ზალცბურგში წინა ორი კვალიფიკაცია აქვს მოგებული. ფინელი სტარტზე მესამე პოზიციას დაიკავებს, მის გვერდით კი „მაკლარენის“ ლანდო ნორისი დადგება, რომელიც ჰამილტონის დაქვეითების გარდა, კევინ მაგნუსენის ხუთადგილიანი ჯარიმითაც ისარგებლებს. მაგნუსენმა მეხუთე დრო აჩვენა, მაგრამ ტრანსმისიის არაგეგმიური შეცვლის გამო, მე-10 პოზიციაზე დაიკავებს ადგილს.

თავის გამოიჩინეს „ალფა რომეოს“ პილოტებმა - კიმი რაიკონენი და ანტონიო ჯოვინაცი შესაბამისად, მე-6-7 პოზიციებს დაიკავებენ. მათ უკან „რედ ბულის“ პიერ გასლი დადგება და მხოლოდ მის უკან იქნება სებასტიან ფეტელი. „ფერარის“ პილოტმა კვალიფიკაციის პირველი ორი ეტაპის გავლა კი შეძლო, მაგრამ მესამეზე ბოქსებიდანაც კი ვერ გამოვიდა - პრობლემები მის ძრავს შეექმნა.

ავსტრიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:03.003
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)* 1:03.262
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:03.439
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:03.537
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:04.099
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:04.166
  7. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:04.179
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:04.199
  9. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) დროის გარეშე
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი)** 1:04.072
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:04.490
  12. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:04.790
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:04.789
  14. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:04.832
  15. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:05.324
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:05.904
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:04.516
  18. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:06.206
  19. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:04.665
  20. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.601

შენიშვნა:

* ჰამილტონი სტარტზე სამი ადგილით უკან დადგება

** ტრანსმისიის არაგეგმური შეცვლის გამო, ხუთი ადგილით ჩამოქვეითდა

0.112125