სხვა

23:40 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა

საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე მეორე ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნახევარფინალის საგზური სახილ ალახვერდოვმა (49 კგ.) მოიპოვა, დღეს კი, იდენტურ წარმატებას ოთარ ერანოსიანმა (60 კგ.) მიაღწია. მან მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი ჯავიდ ჩალაბიევი 3:2 დაამარცხა და 28 ივნისს, ფინალის საგზურისთვის რუს გაბილ მამედოვს შეერკინება.
ვთქვათ ისიც, რომ იმავე დღეს, ალახვერდოვი ნახევარფინალში იტალიელ ფედერიკო სერას გაეჯიბრება.
სამწუხაროდ, კიდევ 3 ქართველი მოკრივე ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში ნოდარ დარბაიძე (52 კგ.) იტალიელ მანუელ ჩაპაისთან 0:5 დამარცხდა, არწიუშ გომციანმა (56 კგ.) გერმანელ შარაფა რამანთან 1:4 წააგო, ხოლო მიხეილ ბახტიძე (+91 კგ.) ხორვატ მარკო მილუნს ვერ გაუმკლავდა – 0:5.

0.117259