ძიუდო

15:10 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპარტელიანი ფინალში გავიდა, თუშიშვილი ნახევარფინალშია

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების ფინალში გავიდა და საღამოს სესიაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა სამივე გასული ორთაბრძოლა აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე მოიგო. ვარლამმა ბელარუსი მიკიტა სვირიდი, მონტენეგროელი დანილო პანტიჩი და ფრანგი სირილ მარე ისე დააიპონა, სამ წუთზე მეტი არცერთ შეხვედრაში არ დასჭირვებია.

ფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუსი არმან ადამიანი იქნება, რომელმაც გზიდან დანიელი მატიას მადსენი, პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა, ბელგიელი ტომა ნიკიფოროვი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი ჩამოიცილა.
მცირე ხანში ტატამზე ნახევარფინალის ჩასატარებლად გავა გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), რომელმაც რუმინელი ვლადუტ სიმონესკუსა და პოლონელ მაჩიეი სარნაცკის იპონებით აჯობა და ნახევარფინალში ჰოლანდიელ ჰენკ გროლს შეერკინება.

სამწუხაროდ, კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.), რომელმაც ესტონელი კლენ კრისტოფერ კალიულანს იპონით აჯობა, შემდეგ კი, რუს ხუსენ ხალმურზაევთან დამატებით დროში ვაზარით წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114299