ფეხბურთი

2:11 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანრი ყველგან ანრია - საფრანგეთმა ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატიდან გამოთიშა (+VIDEO)

საფრანგეთში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი მეოთხედფიანალისტი გამოვლინდა. გუშინ გერმანიისა და ნორვეგიის ნაკრებებმა მოიპოვეს საუკეთესო რვა გუნდში ადგილი, ხოლო დღეს მათ ინგლისი და მასპინძელი საფრანგეთი შეუერთდნენ.

თავდაპირველად ვალანსიენში ინგლისმა კამერუნის ნაკრები უპრობლემოდ, 3:0 დაამარცხა. უპრობლემოდ ერთი შეხედვით, რადგან კამერუნელი ქალბატონები მატჩის მიმდინარეობისას მოედნის დატოვებას აპირებდნენ. საქმე ისაა, რომ VAR-მა მათა წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო: ინგლისელთა მეორე გოლი მსაჯმა არ ჩათვალა, მაგრამ ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ გოლი ჩაითვალა. მეორე ტაიმის დასაწყიში კამურენმა ერთი გოლი გაქვითა, მსაჯმას მოედნის ცენტრისკენ გაიშვირა ხელი, მაგრამ VAR-მა ინგლისელებს კიდევ ერთხელ უშველა და გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ამან კი, აფრიკელთა გაღიზიანება გამოიწვია და იყო დიდი დავი-დარაბა, ცრემლი და თამაშის შეწყვეტის მცდელობა. საბოლოოდ, ყველაფერი ჩაწყნარდა და ინგლისმა იმარჯვა.

გაცილებით დრამატული და საინტერესო გამოდგა საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებთა ჯახი. ლე ავრში, გამართული დაპირისპირება, რომ საინტერესო იქნებოდა, ერთი შეხედვითაც ჩანდა. უგოლო ტაიმის შემდეგ ფრანგები ვალერ გუვინმა დააწინაურა, მაგრამ ზუსტად 9 წუთში „სელესაომ“ გაათანაბრა - თავი ტაისამ გამოიჩინა. ძირითად დროში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით 30-წუთეული დაინიშნა.

აქ კი, „ლიონის“ ნახევარმცველი ამანდინ ანრი გამოდგა გმირი, რადგან 106-ე წუთზე გაიტანა და საფრანგეთი მეოთხედფინალში გაიყვანა. როგორც ჩანს, ფრანგებისთვის გვარი ანრი მხოლოდ ფეხბურთთან ასოცირდება და ამანდინიც აგრძელებს სახელოვანი მოგვარის, ტიერის კვალს. ისე, ტიერი ანრისაც ჰყავს მუნდიალიდან ბრაზილია გამოთიშული, ეს 2006 წელს, მეოთხედფინალში, როდესაც ტიტიმ ამანდინის მსგავსად გამარჯვების გოლი გაუტანა სამხრეთ ამერიკელებს.

მერვედფინალის დარჩენილი ოთხი წყვილი ასეთია: ესპანეთი - აშშ, შვედეთი - კანადა, იტალია - ჩინეთი, ჰოლანდია - იაპონია.

ინგლისი - კამერუნი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ჰაუტონი (14), 2:0 უაიტი (45), 3:0 გრინვუდი (58)

საფრანგეთი - ბრაზილია 2:1 დ.დ (0:0)

გოლები: 1:0 გუვინი (52), 1:1 ტაისა (63), 2:1 ანრი (106)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.203129