კალათბურთი

2:00 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში სლოვაკეთი დაამარცხა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მილოშ გლიგორიევიჩის, ირაკლი ძიძიგურისა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა გუნდმა გუშინ უკრაინის 18-წლამდელთა ნაკრები 16 ქულით დაამარცხა, დღეს კი სლოვაკეთის 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა და 85:71 სძლია.

ქართველებმა მეტოქეს თავიდანვე აჯობეს. პირველი პერიოდი ჩვენებმა 28:14 მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. საქართველოს ნაკრებში 25 ქულით და 7 მოხსნით საუკეთესო იყო ნიკა მეცხვარიშვილი. 20 ქულა რატი ანდრონიკაშვილმა, ხოლო 10 – ლუკა კალატოზიშვილმა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონისთვის ემზადება, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

გლიგორიევიჩის თაოსნობით საქართველოს ნაკრებმა საწვრთნელი შეკრება გაიარა სლოვენიაში, სადაც ქალაქ ლაშკოსა და როგლაში – 14 და 16 ივნისს 2 სპარინგ-მატჩი გამართა სლოვენიის 20 და 18-წლამდელთა ნაკრებებთან. ორივე მატჩი ჩვენმა ნაკრებმა ბრძოლაში დათმო.

ქართველებმა სლოვენიიდან უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევში ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობენ. 2 გამარჯვების შემდეგ გლიგორიევიჩის გუნდი ლიდერია და ტურნის საჩემპიონო მატჩს უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან 22 ივნისს გამართავს.

საქართველო U-20 – სლოვაკეთი U-20
სტატისტიკა: 85:71

www.gbf.ge

0.115214