კალათბურთი

23:05 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ქუთაისი” ქალთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია

ქალთა ლიგაში მესამე ადგილის მფლობელი გამოვლინდა. ტურნირს, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ქალთა კალათბურთის კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა, წლევანდელ გათამაშებაში 4 მონაწილე ჰყავდა: დინამო, ზაზას აკადემია, ქუთაისი და ახმეტა. რეგულარული ჩემპიონატის მიწურულს ახმეტელები ტურნირიდან მოიხსნენ და შესაბამისად, 21 ივნისს ჩატარებულ ნახევარფინალურ მატჩში დამარცხებული ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასული დინამო ახმეტელების ტურნირიდან მოხსნის შედეგად ფინალში ავტომატურად გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა “ზაზას აკადემიამ” და “ქუთაისმა” ნახევარფინალი ითამაშეს. ძალიან საინტერესო და დაძაბულ ორთაბრძოლაში “ზაზამ” იმარჯვა, თუმცა აღსანიშნავია ქუთაისელთა ბრძოლა. იმერული კლუბი ბოლო წუთზე 2 ქულით წინ იყო, თუმცა ნათია ფუტკარაძის სამქულიანით “ზაზას აკადემია” დაწინაურდა და საბოლოოდ მეტოქე 51:47 დაამარცხა.

გამარჯვებულთაგან 15 ქულით საუკეთესო იყო ანა მაისურაძე, 12-12 ქულა კი ხათუნა საჯაიამ და რუსუდან სიდამონიძემ დააგროვეს. “ზაზას აკადემია” ფინალში გავიდა, სადაც 22 ივნისს “დინამოს” შეხვდება. “ქუთაისს” კი ქალთა ლიგის მესამე ადგილი ერგო. მედლებითა და სიგელებით იმერული კლუბის წევრები ქალთა კავშირის პრეზიდენტმა ნინო ყიფშიძემ და გამგეობის თავმჯდომარემ, თორნიკე გიორგაძემ დააჯილდოვეს.

gbf.ge

0.118739