ფეხბურთი

1:27 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი U21: პოლონეთმა მასპინძელი კუთხეში დააყენა

ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩები A ჯგუფში გაიმართა. ტურნირის მთავარი ფავორიტი იტალიის ნაკრებია, რომელიც მასპინძელია და შემადგენლობითაც თითქოს სხვებს აღემატება.

ხსენებულს ისიც დაერთო, რომ პირველ ტურში „აძურინიმ“ ესპანეთის ასევე ძლიერი ნაკრები ლამაზ სტილში დაამარცხა (3:1) და ყველაფერი თითქოს დადასტურდა. მაგრამ ბოლო ტურის წინ იტალიელთა ჯგუფიდან გასვლის შანსი საკმაოდ მცირეა. დიახ, ბოლონიაში მასპინძლები ძალიან ბევრს უტევდნენ, უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვებას ვინ ჩივის, ქულაც ვერ მოიპოვეს. პოლონეთმა კი ორი ტურის თავზე 6 ქულა დააგროვა და ძალიან კარგ ვითარებაში ჩაიგდო თავი. ერთადერთი პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ბიელიკმა გაიტანა და როგორც გაირკვა ეს სამი ქულის მომტანი დარტყმა იყო.

ამავე ჯგუფში ესპანეთმა ბელგიას აჯობა. დანიელ ოლმოს სწრაფი გოლი სებასტიან ბორნაუმ სწრაფადვე გაქვითა, თუმცა საფინალო სასტვენამდე ერთი წუთით ადრე პაბლო ფორნალსმა „ფურია როხას“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

ორი ტურის თავზე პოლონეთი 6 ქულით ლიდერია, ბელგია უქულოდ აუსტაიდერი, ხოლო იტალიასა და ესპანეთს 3-3 ქულა აქვთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნახევარფინალში მხოლოდ სამივე ჯგუფის გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ, იტალიელთა და ესპანელთა შანსი არცთუ დიდია. ბოლო ტურში მასპინძლები ბელგიას, ხოლო ესპანელები ლიდერ პოლონეთს დაუპირისპირდებიან.

ესპანეთი - ბელგია 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ოლმო (7), 1:1 ბორნაუ (24), 2:1 ფორნალსი (89)

იტალია - პოლონეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბიელიკი (40)

0.199459