კალათბურთი

0:30 | 20.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ყოველდღიურად უყურე ამ ფოტოს და ყველას გადაუარე”
გოგა ბითაძეს მხარდაჭერა NBA-ს ვარსკვლავებმა გამოუცხადეს

19 წლის ქართველ ცენტრ გოგა ბითაძეს წინასადრაფტო პრესკონფერენციის გამართვა ზაიონ უილიამსონთან ერთად მოუხდა და სწორედ ამ პროცესში გადაღებულ იქნა ფოტო, რომელმაც ჩვენებურის კარიერაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს.

საქმე ის გახლავთ, რომ უილიამსონი ყველა გათვლებით დრაფტის პირველ ნომრად მიიჩნევა, ამდენად, მისმა პრესკონფერენციამ მასმედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. ფოტოზე ისე სჩანს, რომ ზაიონს ჟურნალისტთა მთელი არმია ახვევია, ბითაძე კი მარტო ზის და მის მიმართ სრული იგნორია.
ეს ფოტო მალევე ძალიან პოპულარული გახდა სოციალურ ქსელში და ის არაერთმა ცნობილმა გამოცემამ გააზიარა, რასაც მოულოდნელი გამოხმაურება მოჰყვა.

ფაქტობრივად, მთელმა ინტერნეტ-სამყარომ გოგას მხარდაჭერა გამოუცხადა, პათოსი კი ერთი გახლდათ: ბევრი იშრომე, რათა მათ ვისაც შენი არ სჯერა, ყველაფერი დაუმტკიცო და მათ შორის ზაიონიც უკან მოიტოვო.

ყველაზე სასიხარულო კი ის გახლდათ, რომ ბითაძეს გამამხნევებელი სიტყვები NBA-ს ვარსკვლავებმაც დაუწერეს. “გამოიყენე ეს დამატებითი მოტივაციისთვის, როგორც საწვავი”, - უთხრა მას დუეინ უეიდმა, დრეიმონდ გრინმა კი აღნიშნა: “გოგამ ეს ფოტო კედელზე უნდა გაიკრას, ყოველდღე უყუროს და შემდეგ ყველას გადაუაროს”.

საგულისხმოა, რომ თავად დრეიმონდი 2012 წლის დრაფტზე მხოლოდ 35-ე ნომრად აირჩიეს, ამდენად, კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც სათანადოდ არ გაფასებენ.

ბითაძეს გვერდში დაუდგა საქართველოს ნაკრებში მისი თანაგუნდელი თორნიკე შენგელიაც: “კარგად დაიმახსოვრეთ ეს ფოტო! ვიცი, თვითონ გოგა ასე იზამს”.

მოგვიანებით აღნიშნულ ფოტოზე განმარტება თავად გოგამაც გააკეთა: “ცხადია, იმის ნახვა, რომ სხვა კალათბურთელი ამხელა ყურადღებას იპყრობს, მოტივაციას მმატებს. ვიცი, რომ უფრო ბევრი უნდა ვიშრომო. ზაიონი ჩინებული კალათბურთელია და ამაში მოულოდნელი არც არაფერი ყოფილა. ისე, ჟურნალისტები ჩემთანაც იყვნენ და კითხვები დამისვეს. ცუდი არაფერი მომხდარა”.

ჩვენი აზრითაც, დღევანდელი ფაქტი ქართველ კალათბურთელს მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება. ამერიკულ მედიაში მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა და დრაფტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენებურის შანსებიც მხოლოდ მაღლა იწევს.

თითქმის ყველა წამყვან სადრაფტო სიაში გოგა უკვე მოწინავე თხუთმეტეულში ფიგურირებს და ფაქტობრივად ისე გამოვიდა, რომ ქართველი ცენტრი სარეიტინგო პიკზე უშუალოდ დრაფტის დღისთვის გადის.

შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ესოდენ საინტერესო ღონისძიება ნიუ იორკში, კერძოდ კი, ბრუკლინის “ბარქლაი სენთერში”, 21 ივნისის დილას, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას “სილკ უნივერსალი” გეგმავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119999