ფეხბურთი

15:30 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" ფეხბურთელები ევროპის ლიგის წილისყრის შედეგებს გამოეხმაურნენ

როგორც უკვე ვიუწყებოდით, შვეიცარიულ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე "ჩიხურას" ლუქსემბურგული "ფოლა ეში" ერგო. მეტოქის შესახებ კომენტარი საჩხერული კლუბის ფეხბურთელებმა გააკეთეს.

დავით მაისაშვილი: "კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილოები ნამდვილად ვერ ვიქნებით, თუმცა იოლ გასეირნებას არ ველით და მართლაც რთული შეხვედრები გველის წინ. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ვთვლი, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მჯერა, მოვახერხებთ და დავძლევთ "ფოლას" ბარიერს. ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებებს ვუსურვებ სხვა ქართულ კლუბებსაც ევროასპარეზზე".

მიხეილ სარდალიშვილი: "ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ მოლოდინები საკმაოდ კარგი გვაქვს, გვსურს, რომ დავძლიოთ პირველი ეტაპი და წარმატებულად გამოვიდეთ, რაც შეეხება მეტოქეს, დიდ ინფორმაციას ამ მომენტში მათზე არ ვფლობ, თუმცა, ფაქტია, როდესაც გუნდი ევროტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობს, ის ცუდი ვერ იქნება. ასევე, მინდა, წარმატებები ვუსურვო სხვა ქართულ კლუბებსაც".

ბესო დეკანოიძე: "კენჭისყრის შედეგად ნამდვილად კარგი მეტოქე შეგვხდა, თუმცა, არ ვთვლი, რომ მარტივი შეხვედრები გველის. ორი ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის დაზოგვას არ ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. აქვე წარმატება მინდა ვუსურვო სხვა ქართულ კლუბებსაც".

დინო ჰამზიჩი: "სავარაუდო 5 მეტოქიდან ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, ნამდვილად, ყველაზე სასურველი მეტოქე იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოდუნების შესაძლებლობა გვაქვს. ამაზე მათი კარგი თამაში და გამოცდილებაც მეტყველებს. წინა წელს მეორე ეტაპიდან გამოვარდნენ, ხოლო ორი წლის წინ მესამე ეტაპამდე მიაღწიეს. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა შევეცდებით, ჩვენი საუკეთესო მატჩები ჩაატაროთ".

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურა" პირველ შეხვედრას, სტუმრად, 11 ივლისს, ლუქსემბურგში სტადიონ "ემილ მაიშზე" გამართავს, ხოლო განმეორებით მატჩში საჩხერლები მეტოქეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

0.113792