ბლოგი

19:45 | 16.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

უფულობა ყველაფერი ცუდის სათავეა!

კარგია თუ ცუდი აღნიშნული ტენდენცია, ეს მკითხველმა განსაჯოს, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე გულსატკენი ის გახლავთ, რომ ქართულ ფეხბურთში ფულს აბრამოვიჩის მსგავსი საეჭვო გზებით ნაშოვნი ქონების მფლობელი მილიარდელებიც კი არ დებენ და რომ ჩადონ, ახლო მომავალში რა გამოვა ამ საქმიდან, ძნელად სავარაუდოა.

ქართულ ფეხბუთში ე.წ. “ერთწლიანი” გუნდები მომრავლებაზე ბევრი დაიწერა და მსგავსი ტენდენციის მიზეზებზეც არაერთხელ ითქვა. უმთავრესი მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ კლუბების დამფინანსებლებს, ხშირ შემთხვევაში წარმოდგენა არა აქვთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა კლუბის მეპატრონეობა და ბევრ ფულთან ერთად, მმართველობის პროცესი, რაოდენ დიდ კვალიფიკაციასაც მოითხოვს.

კლუბის მართვა მხოლოდ ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვა რომ იყოს, ყველაფერი ძალიან მარტივად აეწყობოდა. ამბიციურ, მაგრამ გამოუცდელ ქართველ კლუბის მეპატრონეს, როდესაც ფინანსური, თუ სხვა ტიპის კრიზისის პერიოდი უდგება, აქეთ-იქით მიმწყდარმა რეალურად არ იცის, როგორ ნახოს გამოსავალი და როგორ შეძლოს კრიზისიდან თავის დაღწევა. ამიტომ, გასაჭირში მყოფი კლუბის მფლობელი ბევრს არ ფიქრობს და ადრე თუ გვიან ამბობს: “ეს რა საშარო საქმე ყოფილაო...” და კლუბიდან ისეთი თავქუდმოგლეჯილი გარბის, პრემიებსა და წახალისებებს ვინ ჩივის, ფეხბურთელებიც კი მთლად უხელფასოდ რჩებიან.

პირადად მინახავს შუა სეზონში, გუნდის პრეზიდენტის თუ მფლობელის უნიათობის გამო დაშლილი კლუბის ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდი შუა სეზონში თვალსა დ ხელს შუა დაეშალათ და როდესაც ჰკითხავ: “მომავალში რას აპირებო”, უხერხულად იშმუშნებიან.

ყველა ადამიანი პატივისცემას იმსახურებს, ვინც ქართულ სპორტში ფულს ჩადებს. ამ ხალხს, როგორც იტყვიან, გაფრთხილება სჭირდება, მაგრამ ერთია როდესაც კაცს ზედმეტი 100 ათასი დოლარი აქვს და ფეხბურთისთვის არ ენენება და მეორეა, რამდენად სწორად შეუძლია ამ ფულის დახარჯვა. დაწყებული და ბოლომდე მიუყვანელი საქმეებით, საქართველოში ვერავის გააკვირვებთ. ყველა სფეროში ნახავთ ხალხს, რომლებიც ჯერ რიხიანად აკეთებენ ზე-ამბიციურ განცხადებებს და შემდეგ კი, გაფუჭებული საქმიდან ისე გადიან, თითქოს არაფერი მომხდარიყოს.

დიდწილად ასეთი ფსევდოქართული მიდგომების ბრალია, რომ ისეთი ძველი და ტრადიციული ქართული კლუბები, როგორებიც: ქუთაისის “ტორპედო”, ლანჩხუთის “გურია” და ფოთის “კოლხეთია”, დღეს უმძიმეს მდგომარეობაში არიან და არც სხვა რეგიონალურ კლუბებს ულხინთ განსაკუთრებულად.

ყოველი სეზონის დასაწყისში თუ სეზონის ბოლოს, ვიგებთ ძალიან გულსატკენ ამბებს, რომ ერთი კლუბი გაკოტრდა, მეორე ფეხბურთელებს ხელფასს ვერ უხდის, მესამეს სტადიონი არა აქვს, მეოთხეს აქეთ უჩივაიან, და ასე დაუსრულებლად...

ევროპაში ცალკეული ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება უკვე 200 მილიონამდე ავიდა და დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კლუბების პრეზიდენტები სხვდასხვა პროექტებში მომავალში უფრო მეტ ფულსაც დახარჯავენ. ისიც კარგად ვიცი, რომ საქართველოს “ევროპულ ფუფუნებამდე” ძალიან ბევრი უკლია, მაგრამ თუკი ქართული კლუბების პრეზიდენტებს აბრამოვიჩის დარი ქონება არა აქვთ, ეგებ მომავალში იმდენი მაინც შეძლონ, რომ რიგითი გულშემატკივრები ყოველი სეზონის დამთავრებას იმის შიშით არ ელოდნონ, გუნდი ან ახლა დაიშლება, ან ახლაო..

Loading...
0.135874