სხვა

22:45 | 15.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საინაუგურაციო ქვიშის მსოფლიოს თამაშებს ყატარი უმასპინძლებს

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) განცხადებით, 2019 წლის საინაუგურაციო მსოფლიოს ქვიშის თამაშებს ყატარის ოლიმპიური კომიტეტი უმასპინძლებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ყატარს თვალწარმტაცი ოკეანისპირა ადგილები აქვს და მზად არის საასპარეზო სივრცედ გარდაიქმნას. ყატარს საერთაშორისო შეჯიბრებების წარმატებით ჩატარების გამოცდილებაც აქვს, მათ შორის - მსოფლიოს ჩემპიონატებისა ცურვაში, ხელბურთში, ტანვარჯიშსა და ველოსპორტში.

სადებიუტო ქვიშის მსოფლიოს თამაშებისთვის სან დიეგოს (აშშ) უნდა ემასპინძლა, მაგრამ კალიფორნიელებმა ღონისძიების ჩასატარებლად საკმარისი სახსრები ვერ მოიზიდეს.

დღის წესრიგში ახალი მასპინძლის მოძებნა გახდა საჭირო, რასაც ყატარი გამოეხმაურა და ქვეყნის მთავრობამ ANOC-ს ფინანსური გარანტიები მისცა.

იმისთვის, რომ ათლეტებმა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ ვარჯიში, ქვიშის თამაშების საშეჯიბრო პროგრამა ხელუხლებელი დარჩება, ხოლო თარიღში უმნიშვნელო ცვლილება შევა და 12-16 ოქტომბერს ჩატარდება. ცვლილებები არ შეეხება საკვალიფიკაციო პროცესს.

გარდა ამისა, ყატარი უმასპინძლებს ANOC-ის გენერალურ ასამბლეას.

ქვიშის მსოფლიო თამაშებისთვის 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა კვალიფიკაცია. მათ შორის არიან საქართველოს წარმომადგენლებიც. ცოტა ხნის წინ რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს სერიის რიგით მეორე ტურნირზე ქვიშის ჭიდაობაში, რომელიც ქვიშის თამაშების მეორე სალიცენზიო ტურნირი იყო, საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი და ამდენივე ლიცენზია მოიპოვა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114157