ავტოსპორტი

2:48 | 9.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა „მერსედესის“ დომინაცია შეწყვიტა - ჯერ მხოლოდ კვალიფიკაციაზე

ფორმულა 1-მა ამოისუნთქა - გაჩნდა იმის იმედი, რომ გუნდებს შორის ბრძოლას ვიხილავთ და ეს არ იქნება „მერსედესის“ ცალკე ლიგის სეზონი. რა თქმა უნდა, ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოჰყავს, მაგრამ ფაქტია, რომ კანადის დიდი პრიზის კვალიფიკაციაზე სებასტიან ფეტელის გამარჯვებამ, გარკვეული იმედი არამხოლოდ „ფერარის“ ფანებისთვის, არამედ საინტერესო ბრძოლების მოყვარულებისთვისაც გააჩინა.

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სესიის მიწურულს, ბოლო ცდაზე „დასვა“ საუკეთესო დრო და ბოლო 17 დიდ პრიზზე, პირველად (კარიერაში 56-ედ) მოიპოვა სტარტის პოულიდან აღების უფლება. საინტერესოა, რომ ფეტელმა შარშან კანადური რბოლა პოულიდან მოიგო და ამით, „ფერარის“ ჩემპიონობისთვის ბრძოლის განახლების საშუალება მისცა.

მაგრამ მონრეალის ტრეკი ლუის ჰამილტონს უფრო სწყალობს, ვისაც აქ ექვსი გამარჯვება აქვს მოპოვებული და თუ მეშვიდესაც შეძლებს, ამით მიხაელ შუმახერის მიღწევას გაიმეორებს. ის სტარტზე ფეტელს გვერდს დაუმშვენებს.

მეორე რიგში ადგილებს შარლ ლეკლერი და დანიელ რიკარდო დაიკავებენ. ლეკლერს ამ სეზონში ბაჰრეინის კვალიფიკაცია აქვს მოგებული და მესამე პოზიციაზე მისი ყოფნა გასაკვირი არაა. მაგრამ „რენოს“ მანქანით მოასპარეზე ავსტრალიელის მეოთხე შედეგი ნამდვილი სიურპრიზია.

ასეთივე სიურპრიზია ისიც, რომ ათეულში ვერ მოხვდა მაქს ფერსტაპენი, ვინც რბოლის დროს, სულ ტრეფიკზე წუწუნებდა და ჩაჭიდებითაც არ იყო კმაყოფილი. საბოლოოდ კი ბოლო სწრაფი ცდის დასრულების საშუალება არ მიეცა, რადგან კევინ მაგნუსენის ავარიის გამო, ტრასაზე წითელი ალმები გამოფინეს.

„ადრენალინით გავიჟღინთე. იცით, რა გრძნოობაა, როცა მანქან სულ უფრო უკეთ მუშაობს, გრძნობ ჩაჭიდებას. ეს სწორედ ასეთი წრე იყო. ძალიან მიხარია. ბოლო 17 რბოლა ძალიან რთული იყო. პირველ ორ მოსახვევში საბურავების სათანადოდ ამუშავება გაჭირდა, მაგრამ მერე ყველაფერი გამოსწორდა და მანქანა მიქროდა“, - ყვება ფეტელი.

კანადის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:10.240
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:10.446
  3. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:10.920
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:11.071
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:11.079
  6. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:11.101
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:11.324
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:11.863
  9. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:13.981
  10. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) დროის გარეშე
  11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:11.800
  12. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:11.921
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1:12.136
  14. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1:12.193
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) დროის გარეშე
  16. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:12.197
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:12.230
  18. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:12.266
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:13.617
  20. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:14.393
0.125436