კალათბურთი

21:10 | 8.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამატულ მატჩში “ქუთაისის” 74:73 დამარცხებით “ჰიუნდაი” U16 ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ძალიან დაძაბულ და დრამატულ მატჩში “ჰიუნდაიმ” მინიმაური სხვაობით – 74:73 დაამარცხა “ქუთაისი 2” და 16-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ეს გახლდათ ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა, რომელმაც ნამდვილი კალათბურთისთვის აუცილებელი ყველა დეტალი და კომპონენტი დაიტია. მატჩს არ აკლდა არც მაყურებელი და არც ტრიბუნიდან მომავალი ემოცია, არც ბრძოლის ჟინი და შემართება და რაც მთავარია, დაძაბულობის მხრივ იყო ყველაზე გამორჩეული არათუ მიმდინარე სეზონში, არამედ მთლიანად ქართულ კალათბურთში.

მატჩის ბოლო 30 წამში ლიდერი 4-ჯერ შეიცვალა, ხოლო შეხვედრა სირენის თანხლებით ჩაგდებული ბურთით, ეგრედწოდებული “ბაზერ ბითერით” დასრულდა. ბოლო წამზე გამარჯვების ბურთი ჩააგდო მოთამაშემ, რომელსაც მანამდე ქულა არ ჰქონდა მოპოვებული და სავარაუდოდ, ქუთაისელებმაც მასზე ყურადღება მოადუნეს და “ჰიუნდაის” ლიდერებს მეურვეობდნენ. არადა, მატჩის დასრულებას 1,4 წამი აკლდა და “ქუთაისი” 73:72 იგებდა, როცა პირით ხაზიდან შემოტანილი ბურთი სამქულიანი ხაზის შიგნით ვახტანგ გედენიძემ მიიღო. დრო არ იცდიდა და გედენიძემ ბურთი რომ ესროლა, საფინალო სირენაც გაისმა. ბურთი ქუთაისელთა კალათში ჩაეშვა და ჰიუნდაელთა ზარ-ზეიმის ჯერიც დადგა.

არადა, “ქუთაისი” საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე დაწინაურდა, როცა ალეკო ვახტანგაძემ უდიდესი ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და მაქსიმალურად დაძაბულ მომენტში ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. იმერლებს 2 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ და ცხადი იყო, ტაქტიკური ჯარიმებით შეეცდებოდნენ არცთუ ბევრი, დარჩენილი 3 წამის გაყვანას, მაგრამ მხოლოდ 1 ჯარიმის აღება მოასრეს, რის შემდეგაც გედეიძემ მისთვის ერთადერთი და “ჰიუნდაისთვის” სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთი ჩააგდო.

საერთოდ კი თანაბარი პირველი ნახევრის შემდეგ, მესამე პერიოდში ჰიუნდაელებმა ლიდერობა მოიპოვეს. ნიკოლოზ და ირაკლი ჩრქეზიშვილების გაწვრთნილი გუნდი ერთი ხანობა 14 ქულითაც იგებდა, თუმცა მებრძოლი ქუთაისელები არ დანებდნენ, რასაც მატჩის მიწურულს “ჰიუნდაის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის, გიორგი გუგუციძის პერსონალურების გამო მოედნიდან გავარდნა დაერთო და მატჩის ბოლო 2 წუთში უდაძაბულესად გათამაშდა.

“ჰიუნდაიში” 21 ქულით ბომბარდირი გახდა კოსტანტინე სუხიშვილი. 15-15 ქულა დააგროვეს გეგა იზორიამ და გიორგი გუგუციძემ. ამ უკანასკნელს 15 მოხსნაც ჰქონდა საერთო სარგებლიანობით თავის გუნდში საუკეთესო გახლდათ. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გიორგი სულაბერიძე გახდა, 17 ქულით და 15 მოხსნით კი საუკეთესო ბაქარ ბერეჯაშვილი გახდა.

“ქუთაისი 2” “ქუთაისი 1”-ს მესამე ადგილისთვის 15 ივნისს იმერეთში ეთამაშება, ხოლო ფინალური სერია “ზაზა 1”-სა და “ჰიუნდაის” შორის 11 ივნისს დაიწყება. საჩემპიონი სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება.

gbf.ge

0.119969