კალათბურთი

23:47 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე სერბეთის ჩემპიონატის უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს
ქართველ ტალანტს ჯილდო NBA-ს ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა

19 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ მორიგი პრესტიჟული ჯილდო მიიღო. ჩვენებურმა ამჯერად სერბეთის ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტული დაიმსახურა, რომელიც მას ნბა-ს სერბმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა გადასცა.

საინტერესოა, რომ გოგას ყველაზე ხშირად სწორედ "დენვერ ნაგეთსის" ცენტრს ადარებენ, ამდენად, ერთგვარი სიმბოლური ჟესტიც იყო. ეს ყველაფერი სერბული ლიგის მე-2 ნახევარფინალური მატჩის წინ მოხდა, რომელშიც ბითაძის "მეგა ბემაქსმა" "ცრვენა ზვეზდასთან" 91:96 წააგო და სერია 0:2 დათმო.

სეზონის დასკვნითი შეხვედრა ბითაძისთვის შედეგიანი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველი ლეგიონერი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

გოგამ 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

ამგვარად, ბითაძემ სერბულ "მეგა ბემაქსში" ბოლო მატჩი ჩაატარა და ახლა, მთელს ყურადღებას NBA-ს მომავალ დრაფტს მიაპყრობს, რომელიც 20 ივნისს გახლავთ დაგეგმილი.

0.113381