ჭიდაობა

22:22 | 4.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოქრო-ვერცხლი, ორი ბრინჯაო და კიდევ ორ-ორი ოქროსა და ბრინჯაოს შანსი

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გათამაშდა მედლები. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი უკვე გაინაღდა შარშანდელი ევროპირველობის შედეგის გაუმჯობესება. რევაზ ლაშხის გაწვრთნილმა გუნდმა 2018 წელს ევროკონკურენციიდან თითო ოქრო-ვერცხლისა და ორიც ბრინჯაოს მედალი გამოიტანა. ზუსტად ასეთი მონაგარი აქვს წლეულსაც, ოღონდ ერთ დღეში. ფრიდონ აბულაძემ (55 კგ) ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ლერი აბულაძე (63 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა. ნიკა შერბაკოვმა (77 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ფრიდონ აბულაძე საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ ანვარ ალახიაროვს დაუპირისპირდა და 7:6 დაამარცხა.

ლერი აბულაძეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე თურქი აბდულა ტოპრაკის ძლევა დააკლდა (2:8).

ნიკა შერბაკოვმა რეპეშაჟის ფინალში ლიტველ არმინას ლიგნუგარისს აჯობა (3:1). გიორგი ქაცანაშვილმა (87 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი პოლონელი მიხალ ანდრეჟ დიბკას ძლევით (8:4) გაინაღდა.

დღესვე, რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა რობინზონ ესაძემ (130 კგ), მაგრამ "ბრინჯაოს ნახევარფინალში” დამარცხდა პოლონელ ტომას იაჩეკ ვავრინჩუკთან (3:4).

ხვალ დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებს შანსი აქვთ, საერთო მონაგარს ორ-ორი ოქრო და ბრინჯაო შემატონ. დიეგო ჩხიკვაძე (60 კგ) და გიორგი შოთაძე (67 კგ) ფინალში გავიდნენ. კოკა ღარიბაძეს (97 კგ) მესამე საპრიზო ადგილს ერთი გამარჯვება აშორებს, ოთარ აბულაძეს (72 კგ) – ორი.

დიეგო ჩხიკვაძემ (60 კგ) ფინალის საგზური სომეხი სააკ ჰოვანისიანის ძლევით (4:1) მოიპოვა. ნახევარფინალამდე ქართველმა მოჭიდავემ ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივეში ვადაზე ადრე მოამთავრა საქმე. მერვედფინალში ლიტველი ვილიუს სავიცკასი დაამარცხა (9:1), მეოთხედფინალში – უკრაინელი მიროსლავ სოლოვიანი (9:0). საჩემპიონო ბრძოლაში ჩხიკვაძის მეტოქე აზერბაიჯანელი ასგარ ალიზადა იქნება.

გიორგი შოთაძემ (67 კგ) ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: ესპანელი უგო ფერნანდეს მონტუტო (8:0), ბელარუსი ელდერ ჰასანაუ (7:2), მოლდოველი ვალენტინ პეტიჩი (9:0) და ნორვეგიელი ჰაავარდ იორგენსენი (10:2). ოქროს მედლისთვის კი სომეხ ჰაიკ მელიქიანს დაუპირისპირდება.

კოკა ღარიბაძემ (97 კგ) ევროპირველობა იტალიელი ანტონიო გიფრიდას ძლევით (9:0) გახსნა. მეოთხედფინალში გერმანელ პატრიკ ნეუმაიერთან დამარცხდა და პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ბელარუს ვლადისლაუ პუსტაშილაუს დაეჭიდება.

ოთარ აბულაძემ (72 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, სომეხ მალხაზ ამოიანთან წაგებით (4:8). იქამდე აბულაძემ ნორვეგიელი სამეტ ბაირამ ჩეტინისა (9:0) და შვედი ოლე კრისტიან სპეტსის იოლად ძლევა (9:0) მოასწრო. კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასასვლელად ოთარს კიდევ ორი მოგება დასჭირდება.

დღეს ევროკონკურენციაში ბექა გურულიც (82 კგ) ჩაება, მაგრამ პირველსავე წრეში დამარცხდა ჰოლანდიელ ტაირონ სტერკენბურგთან (1:3).

0.130736