ფეხბურთი

2:10 | 31.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტიცია კონტეს წინააღმდეგ: იტალიელს ღალატში ადანაშაულებენ და ვარსკვლავის აღება მოითხოვეს

ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ანტონიო კონტეს სახელობის ვარსკვლავის აღებას მოითხოვენ, რომელიც „ალიანც სთედიუმზეა“ გახსნილი, როგორც გუნდის ლეგენდის საპატივცემულოდ.

ამასთან დაკავშირებით, „ბიანკონერის“ ქომაგებმა პეტიციაც შექმნეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საქმე ისაა, რომ კონტე მილანის „ინტერში“ მიდის სამუშაოდ და ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილიცაა.

ტურინელი ქომაგები კი მიიჩნევენ, რომ ანტონიო კონტე მოღალატეა, შეეძლო ნებისმიერ გუნდში წასულიყო, ოღონდ არა - „ინტერში“:

„კონტე ჩვენი საყვარელი კაპიტანი იყო, რომელიც ყოველთვის გულით თამაშობდა. შემდეგ მოვიდა, როგორც მწვრთნელი და მოიგო ორი მეშვიდე ადგილის მერე სკუდეტო არცთუ ძლიერი შემადგენლობით და ეს შეგვიძლია გავუთანაბროთ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ამ პირობებში.

მაგრამ, „ინტერში“ წასვლა ეს არაა პროფესიონალური გადაწყვეტილება. პროფესიონალური ნაბიჯი იქნებოდა „ნაპოლიში“, „მილანში“ ან „რომაში“ წასვლა, მაგრამ არა „ინტერში“, რომელიც ჩვენი მტერია და ცდილობდა ჩვენთვის ზიანის მიყენებას. იმ „იუვენტუსის“ მთავარი მტერი იყო, რომელშიც კონტე თამაშობდა. „ინტერში“ წასვლა ნიშნავს იმ ადამიანებთან გაერთიანებას, რომლებიც ჩვენს დაზიანებას აპირებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ ვერ მოახერხეს. ამ ნაბიჯით კონტე აღარ არის იუვენტინო და ისეთივე შთამბეჭდავი, როგორც სხვა ვარსკვლავები. ბონიეკიც კი უფრო ღირსეულად მოიქცა, ვიდრე კონტე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახენებთ, ანტონიო კონტე „იუვენტუსში“ 1991-2004 წლებში თამაშობდა, 1996-2001 წლებში გუნდის კაპიტანიც იყო, ხოლო 2011-2014 წლებში უკვე მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.

Loading...
სტატისტიკა
0.262631