ფეხბურთი

2:11 | 27.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: "მილანი" თამაშგარეში, "ატალანტა" და "ინტერი" ჩემპიონთა ლიგაზე

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილებაა. ბოლო ტური კი დრამატული და საინტერესო გამოდგა, რაც თავიდანვე ნათელი იყო. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის 4 გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა, მხოლოდ ორი ადგილი იყო თავისუფალი.

ყველაფერი „ატალანტასა“ და „ინტერის“ ხელთ გახლდათ - თუ მოიგებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდოდნენ. ასეც მოხდა. „მილანი“ კი ამ გუნდებისგან წაფორხილებას ელოდა (ერთ-ერთის მაინც). „როსონერიმ“ „სპალი“ სტუმრად დაამარცხა და მეტოქეების თამაშზე იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, ჯენარო გატუზოს გუნდი ოთხეულს მიღმა დარჩა და ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვერ გავიდა. მთლიანობაში, „როსონერიმ“ ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რადგან სეზონის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი დაუგეგმავი ქულა დაკარგა.

„ატალანტამ“ კი ისტორია დაწერა. ლომბარდიელები ისტორიაში პირველად გავიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე! ჯამპიერო გასპერინის გუნდს „სასუოლო“ უნდა დაემარცხებინა და ამის გაკეთენა მოახერხა. თუმცა, ნერვიულობა მაინც მოუწია, რადგან დომენიკო ბერარდიმ ანგარიში გახსნა. მერე დუვან ძაპატამ გაათანაბრა, პირველი ტამის ბოლოს კი ბერარდი გააძევეს და „ატალანტამ“ რიცხობრივი უპირატესობა მიიღო. შედეგად, მასპინძლებმა ეს კარგად გამოიყენეს და მეორე ტაიმის დასაწყისში ორი გოლი გაიტანეს და ყველაფერს წერტილი დაუსვეს. „ატალანტამ“ 69 ქულა დააგროვა და გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გავიდა, სერია A-ში მესამე ადგილიც პირველად დაიკავა...

მილანში, „ინტერმა“ „ემპოლის“ უმასპინძლა და ყველაზე საინტერესო ეს თამაში იყო. „ნერაძურის“ აუცილებლად უნდა მოეგო, „ემპოლის“ კი ქულა მაინც სჭირდებოდა გადასარჩენად, რადგან პარალელურად „ფიორენტინამ“ და „ჯენოამ“ მშვიდად უგოლო ფრე ითამაშეს და ეს ნიშნავდა, რომ წაგების შემთხვევაში „ემპოლი“ გავარდებოდა. უგოლო ტაიმის შემდეგ „ინტერი“ კეიტა ბალდემ 51-ე წუთზე დააწინაურა. მერე სტუმრებმა შეუტეის და ტრაორემ გათანაბრება მოახერხა, მაგრამ 5 წუთის შემდეგ რაჯა ნაინგოლანმა ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და - 2:1. 10 წუთი რჩებოდა „ემპოლის“, რომელზეც „მილანიც“ იყო დამოკიდებული. ტოსკანელებს ორი ძალიან მაგარი მომენტი შეექმნათ. ჯერ დანილო დ’აბროზიომ გამოიტანა ბურთი ცარიელი კარიდან და თან ხარიხას მოხვდა ბურთი, მერე სამირ ჰანდანოვიჩმა პირისპირ დარჩენილ მეტოქეს არ გაატანინა და გმირი გახდა. საფინალო სასტვენმა „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, „მილანი“ ოთხეულს მიღმა დატოვა.

„ემპოლიმ“ და „ჯენოამ“ კი სეზონი 38-38 ქულით დაასრულეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გამო გენუელებმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს. ტოსკანელები კი ერთი წლის მერე ქვედა ლიგას უბრუნდებიან, მათ შორის, ლევან მჭედლიძეც, რომელიც "ინტერთან" მატჩში 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - „რომამ“ „პარმა“ დაამარცხა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზურის გარდა, ვერაფერს გამორჩა. აქ საინტერესო ის იყო, რომ ადგილობრივი პუბლიკა დანიელე დე როსის დაემშვიდობა - კლუბის ლეგენდას. იყო ბევრი ცრემლი სა საზეიმო გაცილება. დანიელემ „რომას“ კარიერის 18 წელი მიუძღვნა.

ჩემპიონი „იუვენტუსი“ კი გენუაში „სამპდორიასთან“ დამარცხდა. ფაბიო კვალიარელას არ გაუტანაი, მაგრამ 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტული მოიგო. ამასობაში, მასიმილიანო ალეგრის 5-წლიანი ტურინული ეპოქაც დასრულდა.

საბოლოო ვერდიქტზე კი, კიდევ ერთხელ: ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსი“, „ნაპოლი“, „ატალანტა“ და „ინტერი“ ითამაშებენ. ევროპა ლიგაზე „მილანი“, „რომა“ და „ლაციო“ გაირჯებიან, ხოლო „ემპოლი“, „ფროზინონე“ და „კიევო“ სერია B-ში გავარდნენ.

„ტორინო“ – „ლაციო“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (51), 2:0 ლუკიჩი (53), 2:1 იმმობილე (66), 3:1 დე სილვესტრი (80)

„სამპდორია“ – „იუვენტუსი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დეფრელი (84), 2:0 კაპრარი (90)

„ფიორენტინა“ – „ჯენოა“ 0:0 (0:0)

„რომა“ – „პარმა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 პელეგრინი (35), 1:1 ჟერვინიო (86), 2:1 პეროტი (89)

„კალიარი“ – „უდინეზე“ 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 პავოლეტი (17), 1:1 ჰალფრედსონი (59), 1:2 დე მაიო (69)

„ინტერი“ –„ემპოლი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 კეიტა (51),1:1 ტრაორე (76), 2:1 ნაინგოლანი (81)

„სპალი“ – „მილანი“ 2:3 (1:2)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (18), 0:2 კესიე (23), 1:2 ვიკარი (28), 2:2 ფარესი (53), 2:3 კესიე (66, პენ)

„ატალანტა“ – „სასუოლო“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ბერარდი (19), 1:1 ძაპატა (35), 2:1 გომესი (53), 3:1 პაშალიჩი (65)

თეგებისერია A
სტატისტიკა
0.242858