ფეხბურთი

3:28 | 26.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სინიშა მიხაილოვიჩის ეფექტი, ანჩელოტის "ნაპოლიმ" კი სეზონი წაგებით დაასრულა

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის ბოლო, 38-ე ტური შაბათს ორი მატჩით დაიწყო, რომლებიც პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერს წყვეტდნენ.

„ბოლონიამ“ ელიტაში დარჩენის საკითხი წინა ტურში გაიფორმა დაამიტომაც, „რენატო დალ არაზე“ საზეიმ განწყობა სუფევდა. „ნაპოლიმ“ კი დიდი ხანია მეორე ადგილი გაიფორმა და მისთვის სეზონის დასკვნითი ნაწილი პრაქტიკულად ინტრიგის გარეშე წარიმართა. ზეწოლის გარეშე კი გუნდებმა ლამაზი ფეხბურთი გააჩაღეს და ერთმანეთს არაფერი დაუთმეს.

„ბოლონიამ“ პირველი ტაიმის დასკვნით ნაწილში კომფორტული უპირატესობა მიიღო მას შემდეგ, რაც ფედერიკო სანტანდერმა და ბლერიმ ჯემაილიმ ორგზის დაამწუხრეს კარლო ანჩელოტის გუნდი. თუმცა, ნეაპოლიტანელებმა მეორე ნახევარში საკუთარი თამაში იპოვეს და თამაშში დაბრუნებაც მოახერხეს. ჯერ ფაუზი გულამიმ შეამცირა სხვაობა, მერე დრის მერტენსმა სულაც გაათანაბრა. თუმცა, მასპინძლებმა მინაც მოიგეს და სეზონი მაჟორულ ნოტაზე დახურეს. 88-ე წუთზე სანტანდერმა დუბლი გაიფორმა. „ბოლონიამ“ სეზონი 44 ქულით დაასრულა. საინტერესოა, რომ 21 ტურის განმავლობაში, როდესაც „როსობლუს“ ფილიპო ინძაგი წვრთნიდა, ოდენ 14 ქულა დააგროვა, ხოლო დარჩენილ 17 ტურში სინიშა მიხაილოვჩთან ერთად 30 ქულა მოიხვეჭა. სერბი სპეციალისტის დანიშნვნამ ცალსახად გაამართლა. უნდა ვთქვათ, რომ „ბოლონიამ“ ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ს ზედიზედ 7 საშინაო მატჩის მოგება ისე, რომ ყოველჯერზე მინიმუმ ორი გოლის გატანას ახერხებდა. რაც შეეხება „ნაპოლის“, ანჩელოტის ბიჭებისთვის სეზონი 79 ქულით დასრულდა და ეს უფრო ნაკლებია, ვიდრე გასულ სეზონში მაურიციო სარისთან ერთად დააგროვა.

დღის მეორე მატჩში კი უკვე გავარდნილი გუნდები, „ფროზინონე“ და „კიევო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ზუსტად ისეთი უღიმღამო და უინტერესო გამოდგა, როგორც მთელი სეზონი ჩაატარეს და რა გასაკვირია, რომ გოლი არ გასულა.

სერია A-ში მთავარი ამბები წინაა. კვირას დარჩენილი რვა მატჩი გაიმართება და ბევრ კითხვის ნიშანს პასუხი გაეცემა.

„ფროზინონე“ – „კიევო“ 0:0 (0:0)

„ბოლონია“ – „ნაპოლი“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 სანტანდერი (43), 2:0 ჯემაილი (45), 2:1 გულამი (57), 2:2 მერტენსი (77), 3:2 სანტანდერი (88)

თეგებისერია A
0.145282