ჩოგბურთი

22:52 | 23.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს “როლან გაროსზე” არგენტინელი ლონდერო ერგო
ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირში მე-15 განთესვით ჩაებმება

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი მეტოქის ვინაობა შეიტყო. პარიზში გამართული წილისყრის ერთ-ერთი მონაწილე ცნობილი ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი გახლდათ, რომელმაც ნიკას მეტოქედ არგენტინელი ხუან იგნასიო ლონდერო არგუნა.

საინტერესოა, რომ 27 წლის ბასილაშვილი 2019 წლის “როლან გაროსზე” მე-15 ნომრადაა განთესილი. ქართველ ჩოგბურთელს ATP-ს ლაივ-რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-16 ადგილი უკავია, 25 წლის ლონდერო კი მსოფლიოს 77-ე ჩოგანია.
ბასილაშვილი არგენტინელს კარიერაში პირველად ეთამაშება და თუკი მას აჯობა, მე-2 წრეში ფრანგ რიშარ გასკესა და გერმანელ მიშა ზვერევს შორის უმჯობესს ეთამაშება. ვთქვათ ისიც, რომ მერვედფინალში გასვლის შემთხვევაში, ჩვენებურს დიდი ალბათობით, მე-2 ნომრად განთესილი ესპანელი რაფაელ ნადალი ელის.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი “როლან გაროსი” 20 მაისიდან 9 ივნისამდე პერიოდში ჩატარდება, პარიზულ კორტებზე გასვლამდე კი, ბასილაშვილს საფრანგეთშივე, ლიონის ტურნირის მოგების შანსი აქვს. ნიკა 250-იანი შეჯიბრის ნახევარფინალშია გასული და ხვალ, კანადელ ფელიქს ოჟიე-ალიასიმთან შერკინება ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112479