ჩოგბურთი

23:47 | 20.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი “იღბლიან წაგებულს” ეთამაშება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 586 140 ევრო) პირველ ნომრადაა განთესილი, სასტარტო შეხვედრას ოთხშაბათს, 22 მაისს ჩაატარებს, მისი მეტოქე კი მასპინძელი ტრისტან ლამასინი იქნება.

საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი შეჯიბრის ძირითად ბადეში სულ ბოლო წამს მოხვდა. ფრანგმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის დასკვნით წრეში იტალიელ იანიკ სინერთან 4:6, 3:6 წააგო, თუმცა, ყაზახი მიხაილ კუკუშკინის უარის შემდეგ, ძირითად ტურნირში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გავიდა.
ბედის ირონიით, ლამასინი ძირითად ბადეში ისევ სინერს გადაეყარა და რევანშის აღება მოახერხა – 6:0, 7:6 (7:5).
27 წლის ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე იმყოფება, 26 წლის ლამასინს კარიერაში ერთადერთხელ გადაჰყრია. 2016 წლის “როლან გაროსის” პირველ საკვალიფიკაციო წრეში ნიკამ 6:3, 4:6, 6:1 მოიგო.
ვთქვათ ისიც, რომ ტრისტანი კლასიფიკაციაში მხოლოდ 270-ე პოზიციაზე იმყოფება, საუკეთესო შედეგი კი 2016 წლის ივნისში ჰქონდა, როდესაც 85-ე საფეხურს უწია.
ცხადია, მომავალ მატჩში ფავორიტად ბასილაშვილი მოიზრება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს.
თუკი ნიკოლოზმა ლამასინის ბარიერი დასძლია, მეოთხედფინალში კიდევ ერთ ფრანგ ჟო-ვილფრედ ცონგასა და კანადელ სტივენ დიეზს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10936