ავტოსპორტი

16:54 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ჰამილტონთან მისი „ფერარიში“ გადასვლა განიხილა

„მერსედესის“ ფორმულა 1-ის გუნდის შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონთან, „ფერარიში“ მისი ოდესმე გადასვლის შესაძლებლობა განიხილა. მისი თქმით, სამქიმიანებისთვის ასეთი გადასვლა მიუღებელი არ იქნება.

34 წლის ჰამილტონს გერმანულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება. ამ დროში, მას მიხაელ შუმახერის რეკორდის გამეორება - შვიდი ტიტულის მოპოვება შეუძლია.

„გასათვალისწინებელია, რომ „ფერარის“ მანქანით რბოლაში მონაწილეობა, თითქმის ყველა მრბოლის ოცნებაა. ეს ხომ ფორმულა ერთის ყველაზე პოპულარული გუნდია. აბსოლუტურად გავუგებ, თუ მრბოლს „ფერარიში“ გადასვლა სურს. ჩვენმა გუნდმა ლუისთან ეს საკითხი განიხილა და ჩვენ ამ საკითხზე შევთანხმდით“, - ამბობს ვოლფი და დასძენს, რომ ამ თემაზე საუბარი გასულ სეზონში, ახალი კონტრაქტის პირობების შეთანხმებისას შედგა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჰამილტონს სხვაგან გადასვლის სურვილი არ გამოუთქვამს.

„ვფიქრობ, მას ისეთ მანქანას ვუმზადებთ, რომლითაც თავისი მიზნების მიღწევა შეუძლია. თუ ასევ გავაგრძელებთ, მას წასვლის მიზეზი არ ექნება. და ჩვენც გაგვიხარდება, თუ ის ჩვენთან დარჩება. მაგრამ თუ ოდესმე ჩვენ გზები გაიყრება, ჩვენ ამას პოზიტიურად შევხვდებით“, - ყვება ავსტრიელი.

ჰამილტონის კერპს, აირტონ სენას, ვინც 25 წლის წინათ, სან მარინოს დიდი პრიზის რბოლისას დაიღუპა, ნათქვამი ჰქონდა, რომ „ფერარის“ მანქანით რბოლებში მონაწილეობა სურდა. მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ იტალიური გუნდი ისეთ მანქანას ვერ მოუმზადებდა, რომლიტაც ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებდა.

„ფერარის“ ბოლო ტიტული კიმი რაიკონენმა, 2007 წლის სეზონში მოუპოვა. მაშინ ფ1-ში ჰამილტონის დებიუტი „მაკლარენში“ შედგა და ახალბედა ბრიტანელმა უშეღავათო ბრძოლა გაუმართა თავის ტიტულოვან თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს. მათ სეზონი თანაბარი ქულებით დაასრულეს და თითო ქულა წააგეს რაიკონენთან. „მაკლარენის“ პილოტების შიდაგუნდური ბრძოლა რომ არა, „ფერარი“ იმ ტიტულის მოპოვებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებდა.

კითხვაზე, არის თუ არა „მერსედესი“ დაინტერესებული „ფერარიდან“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სებასტიან ფეტელის გადმობირებით, ვოლფი პასუხობს: „რატომაც არა? ვფიქრობ, ჩემპიონატში მონაწილეობს ექვსი ან შვიდი მრბოლი, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობები, რომ ჩემპიონატის მომგები მანქანით იასპარეზოს. ორი მათგან ახლა ჩვენთანაა. და იმედი მაქვს, სულ ასე იქნება. არის რამდენიმე სხვაც, რომლებსაც ვაკვირედებით. და რა ტქმა უნდა, სებასტიანი მათ შორისაა“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121355