ფეხბურთი

10:38 | 13.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპმა ჟოზეს გადაასწრო: ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელები

პეპ გვარდიოლამ ზედიზედ მეორედ მოაგებინა „მანჩესტერ სიტის“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ჟოზე მოურინიოს გადაასწრო. საქმე ისაა, რომ ესპანელისთვის ეს კარიერაში 26-ე ტიტული აღმოჩნდა და პორტუგალიელი კოლეგა ჩამოიტოვა, რომელსაც ზურგს 25 ტიტული უმაგრებს.

სწორედ ამიტომ, ახლა ყველაზე ტიტულოვან მწვრთნელებს წარმოგიდგენთ:

უოლტერ სმიტი - 21 ტიტული

შოტლანდიელი სპეციალისტი, რომელმაც კარიერის ოქროს წლები „რეინჯერსში“ გაატარა და ყველა ტროფეიც სწორედ გლაზგოელების თავკაცის რანგში მოიგო. სმიტი „რეინჯერსს“ 1991-1998 და 2007-2011 წლებში წვრთნიდა. ამ პერიოდში 10-ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ხუთჯერ შოტლანდიის თასი მოიგო, ხოლო ექვსჯერ შოტლანდიის ლიგის თასი. „რეინჯერსის“ გარდა სმიტს შოტლანდიის ნაკრებსა (2004-2007) და ლივერპულის „ევერტონში“ (1998-2002) უმუშავია.

არსენ ვენგერი - 21 ტიტული

21 ტიტული აქვს კარიერაში მოგებული ლეგენდარულ ფრანგ სპეციალის არსენ ვენგერს. ბუნებრივია, ტიტულთა უმეტესობა „არსენალის“ სახელს უკავშირდება. „მეთოფეებთან“ ერთად ფრანგმა 17 ტიტული მოიგო (სამჯერ პრემიერლიგა, შვიდჯერ ინგლისის ასოციაციის თასი და შვიდჯერ კომუნითი შილდი). პირველ წარმატებას კი „მონაკოში“ მიაღწია, რომელსაც 1988 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო სამის წლის შემდეგ საფრანგეთის თასი. ვენგერისთვის უტიტულოდ არც იაპონურ თავგადასავალს ჩაუვლია, სადაც „ნაგოიასთან“ ერთად ორჯერ თასი ორჯერ მოიგო.

ჯოვანი ტრაპატონი - 22 ტიტული

ლეგენდარულ იტალიელ ჯოვანი ტრაპატონის არაერთ გუნდში უმუშავია და საკუთარი კვალი ყველგან დატოვა. თუმცა, მისი კარიერის პიკი ტურინის „იუვენტუსთან“ ასოცირდება. სხვა თუ არაფერი, ჯოვანიმ „იუვეს“ სამივე ევროტურნირი მოაგებინა - ჩემპიონთა თასი, თასების თასი, უეფას თასი კი ორჯერ (თანაც იმ პერიოდში, როცა უეფას თასი უფრო მეტად ფასობდა, ვიდრე დღეს ევროპა ლიგა). გარდა ხსენებული 4 ტიტულისა, ტრაპატონიმ ტურინელებს 6-ჯერ მოაგებინა სკუდეტოს, ორჯერ იტალიის თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი და ერთხელაც საკონტინტეთაშორისო თასი (ჯამში 14 ტიტული). დანარჩენი 8 ტიტული „ტრაპმა“ სხვა გუნდებში მოიგო. „ინტერთან“ ერთად სამი (სკუდეტო, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი), „ბაიერნთან“ სამი (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და გერმანიის ლიგის თასი), ხოლო „ბენფიკასთან“ და „ზალცურგთან“ ერთად თითოჯერ მიაღწია წარმატებას (პორტუგალიისა და ავსტრიის ჩემპიონობა).

ჟოზე მოურინიო - 25 ტიტული

პორტუგალიელი სპეციალისტის აქტივში ამ დროისთვის 25 ტიტულია. „განსაკუთრებულმა“ სადაც იმუშავა, ყველგან შეძლო მეტ-ნაკლებად შედეგის ჩვენება. „პორტუს“ ექვსი ტიტული მოუტანა (ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონობა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, პორტუგალიის თასი, პორტუგალიის სუპერთასი), „ჩელსის“ მუზეუმს 8 თასი შემატა (სამი პრემიერლიგა, ერთი ასოციაციის თასი, სამი ინგლისის ლიგის თასი და ერთი ინგლისის სუპერთასი). „ინტერში“ ჟოზემ ორ წელიწადში 5 ტიტული მოიგო (ორი სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა). მოურინიოს შედარებით მწირი მონაგარი ჰქონდა „რეალსა“ და „მანჩესტერში“. ესპანეთში სამი ტიტული მოიგო (ესპანეთის ჩემპიონატი, სუპერთასი და თასი), ხოლო ინგლისში (ინგლისის ასოციაციის თასი, კომუნითი შილდი და ევროპა ლიგა).

პეპ გვარდიოლა - 26 ტიტული

პეპისთვის როგორც უკვე ვთქვით გუშინ მოგებული პრემიერლიგა კარიერაში 26-ე ტიტული გამოდგა. ესპანელმა ასეთ საოცარ შედეგს 10 წელიწადსა და სამ გუნდში მიაღწია. „ბარსელონას“ გვარდიოლამ 14 ტიტული მოუტანა (სამი ესპანეთის ჩემპიონობა, ამდენივე ესპანეთის სუპერთასი, ორ-ორჯერ კი ესპანეთის თასი,ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). „ბაიერნში“ გვარდიოლას მონაგარს 7 თასი შეემატა (საი ბუნდესლიგა, ორი გერმანიის თასი და თითო გერმანიის სუპერთასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი). ამჟამად პეპი „მანჩესტერ სიტიში“ აგრძელებს ტიტულების მოგებას და ჯერჯერობით მის აქტივში ორ-ორი პრემიერლიგა და ერთი კომუნითი შილდია (ინგლისის სუპერთასი).

ჯოკ სტეინი - 26 ტიტული

„სელტიკის“ ლეგენდარული დამრიგებელი, რომელმაც კარიერაში 26 ტიტული მოიგო და აქედან 25 თეთრ-მწვანეთა რიგებში. თუმცა, იქამდე იყო „დამფერლაინში“ მოგებული შოტლანდიის თასი. „სელტიკში“ სტეინმა 10-ჯერ მოიგო შოტლანდიის ჩემპიონატი, რვაჯერ შოტლანდიის თასი, 6-ჯერ შოტლანდიის ლიგის თასი, ხოლო ყველაზე დიდ წარმატებას 1967 წელს მიაღწია, როდესაც გლაზგოური გრანდი ჩემპიონთა თასის მფლობელი გახადა.

ლუიშ ფელიპე სკოლარი - 28

ლუიშ ფელიპე სკოლარი ყველაზე ტიტულოვანი სამხრეთ ამერიკელი სპეციალისტია. მისი ყველაზე დიდი წარმატება 2002 წელს უკავშირდება, როდესაც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. იმავე „სელესაოში“ 11 წლის თავზე კონფედერაციათა თასიც მოიგო. საინტერესოა, რომ ხსენებული 28 ტიტულიდან არცერთი არაა ევროპული გამარჯვება. ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდი“ კი სამჯერ ჩინეთის ჩემპიონი გახადა, ერთხელ აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ორჯერ ჩინეთის სუპერთასი და ერთხელაც თასი. ასევე იყო სხვადასხვა ჯილდოები უზბეკეთში, ქუვეითსა და რაღა თქმა უნდა, სამშობლოში.

ოტმარ ჰიტცფელდი - 28 ტიტული

ლეგენდარული სპეციალისტი ყველგან წარმატებული იყო, სადაც იმუშავა. თუმცა მისი პირველი გამარჯვება შვეიცარიულ „არაუსთან“ ერთად მოვიდა, რომელსაც 1985 წელს ქვეყნის თასი მოაგებინა. მერე იყო „გრასჰოპერსთან“ერთად მოგებული ჯილდოები და მისი კარიერა სამშობლოში, გერმანიაში გაგრძელდა. „დორტმუნდსა“ და „ბაიერნში“ ოტმარმა ჯამში შვიდჯერ მოიგო ბუნდესლიგა, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგა (იყო სხვა ტიტულებიც, გერმანიის თასი და სუპერთასი).

ვალერი ლობანოვსკი - 30 ტიტული

ლეგენდარულმა უკრაინელმა სპეციალისტმა კვალი მსოფლიო ფეხბურთშიც დატოვა. ლობანონოვსკის კარიერა 30 ტიტულს იტევს და ბუნებრივია, აბსოლუტური უმრავლესობა კიევის „დინამოს“ უკავშირდება. „დინამოსთან“ ერთად გამორჩეულია ორჯერ მოგებული თასების თასი, ევროპის სუპერთასი. რვაჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ექვსჯერ თასის მფლობელი, სამჯერაც სუპერთასის. მერე წარმატებების მიღწევა უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში განაგრძო (5 ჩემპიონობა, სამი თასი). ასევე იყო ტიტულები ქუვეითში მოღვაწეობის პერიოდშიც.

მირჩა ლუჩესკუ - 33 ტიტული

რუმინელი მირჩა ლუჩესკუს აქტივში 22 ტიტულია. მათ შორის, 22 დონეცკის „შახტარზე“ მოდის, რომელსაც უკრაინაში ბუნებრივია ყველაფერი არაერთხელ მოაგებინა. ყველაზე დიდი წარმატება კი 2009 წელთან ასოცირდება, როდესაც „მეშახტეებმა“ უეფას თასი მოიგეს. რუმინელმა ტიტულის გარეშე არც „ზენიტი“, „გალათასარაი“, „ბეშიქთაში“, ბუქარესტის „რაპიდი“ და ბუქარესტის „დინამო“ დატოვა.

სერ ალექს ფერგიუსონი - 49 ტიტული

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი პირველ ადგილზეა და ისე დამაჯერებლად იმყოფება, დიდად საეჭვოა, ვინმე კარგა ხანს შეეცილოს, თუ ოდესმე ეს მოხდება. 49 ტიტული! შთამბეჭდავი მაჩვენებელია, სხვას ვერაფერს ვიტყვით. მათ შორის, 38 გამარჯვება კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირდება, სადაც „ფერგიმ“ დაუვიწყარი ეპოქა შექმნა. მანამდე კი იყო წარმატებული წლები „აბერდინში“ და დანარჩენი ჯილდოები სწორედ შოტლანდიური გუნდის თავკაცის რანგში აქვს მოგებული.

0.114188