ფეხბურთი

23:30 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ბედის უკუღმართობა

ინგლისის პრემიერლიგის 2018-2019 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილებაა. „მანჩესტერ სიტიმ“ შეცდომა არ დაუშვა, „ბრაიტონს“ აჯობა და მიჯრით მეორედ იჩემპიონა.

„ლივერპული“ კი ისევ ტიტულის გარეშე დარჩა. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდი ინგლისის ჩემპიონის 18 ტიტულით იწონებს თავს, თუმცა ბოლოს ჩემპიონობა 1990 წელს მოახერხა - 29 წლის წინ.

მაშინ, არ არსებობდა პრემიერლიგა, რომელიც სათავეს 1992-1993 წლების სეზონიდან იღებს. „წითლებს“ უშუალოდ პრემიერლიგაში უკვე 27-ე ცდაზე მოეცარათ ხელი და ნანატრი პირველი ადგილით ვერაფრით დაიკავეს. არადა, რამდენჯერმე ახლოს იყო. თუნდაც 2013-2014 წლების სეზონში და თუნდაც ახლა.

დიახ, „ლივერპულმა“ საოცარი შედეგით დაასრულა სეზონი, მაგრამ მაინც ვერ გახდა ჩემპიონი. 38 თამაში, ერთადერთი წაგება და 97 ქულა! სხვა დროს, სხვა სიტუაციაში, ეს იურგენ კლოპის გუნდს აუცილებლად გააჩემპიონებდა, მაგრამ არა მიმდინარე სეზონში...

დიახ - „ლივერპული“ ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც უმაღლეს დივიზიონში 30 თამაში მოიგო, 97 ქულა დააგროვა, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა. ამასთან, აქამდე, არცერთი გუნდი ჩემპიონის ტიტულის გარეშე არ დარჩენილა, რომელმაც სეზონი ერთადერთი წაგებით დაასრულა - შეიძლება ითქვას, ორივე კურიოზული შემთხვევა მერსისაიდელებმა იწვნიეს საკუთარ თავზე.

და კიდევ - პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში 97 ქულა ერთი სეზონის გარდა ყველა სეზონში საკმარისი იქნებოდა ჩემპიონობისთვის (26-დან 25 სეზონში). თუმცა, „ლივერპულს“ აქაც არ გაუმართლა.

მოკლედ, ახლა „წითლები“ მომავალ სეზონზე თუ იფიქრებენ. თუმცა, იქამდე, ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდებული შანსი აქვთ და ამ ტკივილის გადაფარვის უნიკალური შანსი 1-ელ ივნისს, მადრიდში მიეცემათ.

0.112459