ძიუდო

19:43 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს გრანდ სლემი ოქროთი დავასრულეთ - გელა ზაალიშვილის დიდი წარმატება

ბაქოს 2019 წლის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, წინა დღეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი - 6 მონაწილე ჰყავდა.

90 კგ

უმედლოდ დასრულდა ჩვენი სპორტსმენების ასპარეზობა ამ წონით კატეგორიაში. პირველივე შეხვედრაში, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დამარცხდა ავთანდილ ჭრიკიშვილი.

რაც შეეხება ახალგაზრდა ლაშა ბექაურს, მან წარმატებით გაიარა პირველი ეტაპი, სადაც მონღოლი ალტანბაგანა განტულგა დიდი უპირატესობით დაამარცხა. მეორე წრეში კი, გამოცდილ ნემანია მაიდოვს გადაეყარა და შეხვედრა ძირითად დროშივე დათმო.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონი - ნიკოლოზ შერაზადიშვილი წარმატებით მივიდა ნახევარფინალამდე; იქ კი, ისიც ნემანია მაიდოვმა დაამარცხა და ნიკო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჰოლანდიელი იესპერ სმინკი იყო, თუმცა, მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა და ბრინჯაოს მედალი უბრძოლველად ჩაიბარა.

-100 კგ

ამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე და გიორგი ბერიაშვილი გამოდიოდნენ. სანებლიძემ პირველი შეხვედრა ავსტრიელ ლორინ ბოელერს იპონით მოუგო. მეორე წრეში კი, რუსეთის ნაკრების წევრთან - კაზბეკ ზანკიშიევთან დამარცხდა.

პირველი შეხვედრა მოიგო გიორგი ბერიაშვილმაც. მან უნგრელი ზალან ოჰატი ორი მომგებიანი გდებით დაამარცხა. მომდევნო წრეში კი, თავად დამარცხდა ირლანდიელ ბენჯამინ ფლეტჩერთან.

+100 კგ

უმძიმესთა შორის, ძალიან კარგად გამოვიდა გელა ზაალიშვილი, რომელმაც ფინალამდე მიმავალი გზა დამაჯერებლად გაიარა; ისე, რომ წამითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი უპირატესობა.

თბილისის გრან პრის შემდეგ, გელას აშკარად მომატებული აქვს, ძალიან კარგ ფორმაშია და ეს მის ყველა შეხვედრაში ცხადად გამოჩნდა. წილისყრამ ახალგაზრდა ქართველს ჰოლანდიელი როი მეიერის სახით მძიმე დასაწყისი არგუნა, თუმცა, ზაალიშვილი შესანიშნავად გაუმკლავდა ამ ამოცანას და გამოცდილი ჰოლანდიელი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში მან ასევე იპონით გაისტუმრა ტატამიდან აზერბაიჯანელი რუსტამ კოსტოევი და ნახევარფინალში რუს ანტონ ხრიბოკოვს დაეჭიდა, რომელიც აშკარად ჩვენებურზე ბევრად მძიმე იყო. თუმცა, ამას გელასთავის ხელი არ შეუშლია მეტოქე ორ ვაზარზე დაეგდო და ახალგაზრდა სპორტსმენმა კარიერაში პირველ გრანდლემურ ფინალს უწია.

ფინალი კი, მართლაც რომ სასიამოვნო სანახავი აღმოჩნდა. ზაალიშვილის პირისპირ რუსი სპორტსმენი - რუსლან შახბაზოვი იყო, რომელიც გელამ იპონით, დამაჯერებლად დაამარცხა და კარიერაში გრანდ სლემზე პირველ ოქროს მედალს დაეუფლა.

ასე რომ, ბაქოს გრანდ სლემზე, გადახალისებული შემადგენლობით წარმოადგენილმა საქართველოს ნაკრებმა სამივე სინჯის მედლის მოგება შეძლო.

ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. ოქრო-ვერცხლის შანსი მან ნახევარფინალში დაკარგა, ბულგარელ ივაილო ივანოვთან წაგებით. იქამდე გრიგალაშვილმა რუმინელი ვლად ვისანი, ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი, აზერბაიჯანელი მურად ფატიევი და შვედი რობინ პაჩეკი ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი ბერძენ ალექსიოს ნტანაციდისს სძლია.

საპრიზო სამეულს მიღმა დარჩნენ: ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ), ბექა შავდათუაშვილი (73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური (ორივე 90 კგ), გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე (ორივე 100 კგ) და გიორგი ზაქარიაძე (+100 კგ). ასევე ქალთა ნაკრების წევრები ტატიანა ლევიცკა-შუკვანი და მარი მახარაშვილი (ორივე 52 კგ).

ეკა ელოშვილი ბაქოდან

0.112218