ძიუდო

19:45 | 11.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაო ბაქოდან - ტატო გრიგალაშვილის პირველი მედალი გრანდ სლემზე

ბაქოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს -73 და -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან სამი მონაწილე გამოვიდა: ბექა შავდათუაშვილი (-73 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ).

ბექა შავდათუაშვილმა შეჯიბრება პირველივე შეხვედრაში, ბერძენ გეორგიოს აზოიდისთან დაასრულა. შავდათუაშვილი თითქოს დაღლილად გამოიყურებოდა და არ აქტიურობდა. შესაბამისად, მეტოქეს გამარჯვება გაუადვილა. ამ წონაში, აზერბაიჯანელები დომინირებდნენ და გამარჯვებულის კვარცხლბეკზე მასპინძელი ჰიდაია ჰეიდაროვი ავიდა. ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რუსტამ ორუჯოვმა და ტელმან ვალიევმა.

81 კგ წონით კატეგორიაში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ტატამზე ნუგზარ ტატალაშვილი გამოჩნდა და მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც სამწუხაროდ, ვერაფერი მოუხერხა საგი მუკის და ასპარეზობას გამოეთიშა.

რაც შეეხება ამ წონის ამომავალ ვარსკვლავს - ტატო გრიგალაშვილს, პირველ წრეში რუმინელი ვლად ვისანის დამარცხების შემდეგ, მეორე წრეში ის ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ფრენკ დე ვიტს დაუპირისპირდა, ჭკვიანურად ებრძოლა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ამის შემდეგ, ტატომ მასპინძელი მურად ფათიევი დაამარცხა და მეოთხედფინალში შვედი რობინ პაცეკის წინააღმდეგობაც ღირსეულად დაძლია. ნახევარფინალში ახალგაზრდა ქართველის მეტოქე გამოცდილი ბულგარელი - ივაილო ივანოვი იყო, რომელთანაც გრიგალაშვილი დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გადაერთო. გადამწყვეტ შეხვედრაში, ტატოს მოწინააღმდეგე ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი იყო, რომელსაც ჩვენმა სპორტსმენმა იპონით, დამაჯერებლად მოუგო და კარიერაში პირველად გრანდ სლემზე მედალს დაეუფლა.

ხვალ, ბაქოს ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო დღეა და სააპარეზოდ -90, -100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუსოისტები გამოვლენ. ჩვენი ნაკრებიდან, ბრძოლაში ჩაერთვებიან ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური (ორივე -90 კგ), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (ორივე -100 კგ), გელა ზაალიშვილი და გიორგი ზაქარიაძე (ორივე +100 კგ).

Loading...
0.113489