ფეხბურთი

2:04 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ოთხეულისთვის ბრძოლას აგრძელებს

„მილანისთვის“ ბოლო კვირების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის საგზური სასწორზე დადგა. არადა, „როსონერისთვის“ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე დაბრუნება ძვირად ფასობს - ამაზე პირდაპირაა დამოკიდებული გუნდის მომავალი და იმასაც ამბობენ, რომ თუ ლომბარდიული გრანდი ოთხეულში ისევ ვერ მოხვდება, გუნდის ლიდერები ზაფხულში წავლენ. მათ შორის, ჯანლუიჯი დონარუმა, ალესიო რომანიოლი და კშიშტოფ პიონტეკი.

ამიტომაც, „ბოლონიასთან“ 35-ე ტურის დასკვნითი მატჩი „მილანს“ უკან დასახევ გზას არ უტოვებდა - მხოლოდ გამარჯვება უნდა მოეპოვებინა. „როსონერიმ“ ეს ამოცანა დაბრკოლებით, მაგრამ გადაჭრა და ბერგამოს „ატალანტას“ სამი ქულით ჩამორჩება. სუსომ პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა ანგარიში, რასაც ფაბიო ბორინიმ დაამატა. მიუხედავად ამისა, ჯენარო გატუზოს გუნდს ნერვიულობა მოუწია და მატია დესტრომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში ძირეულად აღარაფერი შეცვლილა. სხვათა შორის, თამაშის მიმდინარეობისას, ტეიმუ ბაკაიოკოსა და გატუზოს შორის კონფლიქტი მოხდა, რის გამოც ფრანგმა მოედანზე გასვლა იუარა და მის ნაცვლად ხოსე მაურიმ ითამაშა. ასე იყო თუ ისე, „მილანმა“ მოიგო, 59 ქულა დააგროვა და ბრძოლაში დარჩა.

წინ კიდევ სამი ტურია, ხოლო ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ფიცხელი ბრძოლაა გაჩაღებული და წინასწარი გათვლები თითქმის შეუძლებელიცაა.

„მილანი“ – „ბოლონია“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 სუსო (37), 2:0 ბორინი (67), 2:1 დესტრო (72)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.162511