ფეხბურთი

0:10 | 5.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლაუდიო პიზარომ წყალი ისევ "ბაიერნის" წისქვილზე დაასხა
"რეკორდმაისტერი" თითქმის გაჩემპიონდა

„დორტმუნდის“ საჩემპიონო ამბიცია, გნებავთ ოცნება, ალბათ მინიმუმ მომდევნო სეზონისთვის გადაიდო. ყოველშემთხვევაში ორი ტურში „ბაიერნისთვის“ 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან რთული და მეტიც, ალბათ შეუძლებელიცაა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, მაგრამ ბოლო პერიოდში „ბაიერნი“ ქულებს არ კარგავს, რასაც „დორტმუნდზე“ ვერ ვიტყვით და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „რეკორდმაისტერი“ მორიგ ჩემპიონობას მალე გაიფორმებს.

„ბაიერნმა“ ქვედა ლიგაში დაქვეითებულ „ჰანოვერს“ აჯობა. სტუმრებმა მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც წააგეს. სიმბლურია, რომ ბოლო გოლი ფრანკ რიბერიმ გაიტანა, რომელიც ზაფხულში გუნდს ტოვებს და მშობლიური პუბლიკის წინაშე ბოლო წუთებს ითვლის. მიუნხენელთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო და გასახარი ამბავი მოხდა - როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა არიენ რობენი, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ბუნებრივია ლეგენდარულ ჰოლანდიელსას ოვაციებით შეხვდნენ ფანები, რადგან არიენიც ტოვებს „ბაიერნს“. მოკლე, გერმანულ გიგანტში ლეგენდარული დუეტი, „რობერი“ ბოლო მატჩებს ატარებს. „ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით 74 ქულა დააგროვა და „დორტმუნდთან“ სხვაობა გაზარდა.

ეს მას შემდეგ, რაც „ბორუსიამ“ ბრემენში, „ვერდერს“ ვერ აჯობა. არადა, „დორტმუნდისთვის“ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა და შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა (2:0). საერთოდაც, ეს ანგარიში 70-ე წუთამდე შენარჩუნდა, მაგრამ მერე იყო 5-წუთიანი ინტერვალი, რომელმაც „ყვითლებისვის“ „ვერცხლის სინი“ გვერდზე გადადო. სიმბოლურია, რომ მეორე გოლი „ბორუსიას“ კლაუდიო პიზარომ გაუტანა. 40 წლის პერუელმა, რომელსაც „ბაიერნში“ არაერთი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული და ახლაც ყოფილი გუნდის წისქვილზე დაასხა წყალი. სხვათა შორის, ეს იყო პიზაროს 150-ე გოლი „ბრემენელ მუსიკოსთან“ მაისურით. „დორტმუნდმა“ კი დიდებულად ჩატარებული პირველი წრე შეიძლება ითქვას წყალს გაატანა. რა თქმა უნდა, იმედი და შანსი არსებობს, მაგრამ პირდაპირ რომ ვთქვათ, „დორტმუნდი“ ახლა მხოლოდ ხავსს თუ ჩაეჭიდება.

ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში „გლადბახმა“ „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და ისეთი შედეგი დაფიქსირდა, ყველაზე მეტად ფრანკფურტის „აინტრახტმა“ რომ იხეირა. „სოფლელები“ ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ორჯერვე გაანიავეს უპირატესობა და მათ შორის, 84-ე წუთზე დრმიჩის გოლით. შედეგად, ფრე, რომელიც არცერთ აძლევდა ხელს და არც მეორეს. ახლა, „აინტრახტი“ მეოთხე ადგილთან ძალიან ახლოსაა და მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

„ნიურნბერგი“ „ვოლფსბურგთან“ დამარცხდა და ჯერ ოფიციალურად ისევ არ გავარდნილა, მაგრამ აღარაფერი უკლია მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებას. „მგლები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ და ეგ თუ არ გამოვა, არც ევროპა ლიგის საგზური უნდა იყოს ურიგო შედეგი.

„შტუტგარტს“ კი ალბათ პლეი-აუტში ვიხილავთ. „შვაბებისთვის“ ერთობ წარუმატებელი სეზონი გამოდგა ახლა ბედის ძიება მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან მოუწევს. ყოველშემთხვევაში ყველაფერი აქეთკენ მიდის და ამითაც კმაყოფილი უნდა დარჩეს „შტუტგარტი“, რადგან ეს თუ არ გამოვიდა, მაშინ, პირდაპირ გავარდება. რატომ? მის უკან მყოფი „ნიურნბერგი“ 5 ქულითაა მოშორებული და დარჩენილ ორ ტურში ამ სხვაობის დაქაჩვა ძალიან რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელია.

„გლადბახი“ – „ჰოფენჰაიმი“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 კადერაბეკი (32), 1:1 გინტერი (72), 1:2 ამირი (79), 2:2 დრმიჩი (84)

„ბაიერნი“ – „ჰანოვერი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (27), 2:0 გორეცკა (40), 2:1 ჟონათასი (51, პენ), 3:1 რიბერი (84)

„ჰერტა“ – „შტუტგარტი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 იბიშევიჩი (40), 2:0 დუდა (45), 3:0 კალუ (67), 3:1 გომესი (70)

„ვოლფსბურგი“ – „ნიურნბერგი“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კლაუსი (38), 2:0 ტისერანდი (78)

„ვერდერი“ – „დორტმუნდი“ 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 პულიშიჩი (6), 0:2 პაკო ალკასერი (41), 1:2 მოვალდი (70), 2:2 პიზარო (75)

თეგებიბუნდესლიგა
სტატისტიკა
0.223293