ფეხბურთი

2:55 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კვლავ "აიაქსი"! (+VIDEO)

„აიაქსი“ ისევ შეუდარებელია. ერიკ ტენ ჰაგის ბიჭებს შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე აღარ იოცნებონ - ეს უბრალოდ რეალობაა.

ლონდონში, „ტოტენჰემი“ თავის ახალ სტადიონზე მეტად უფერული და მეტად უსუსური იყო. მართალია, არც „აიაქსს“ უთამაშია ისეთი თავბრუ დამხვევი ფეხბურთი, როგორც მადრიდსა და ტურინში, მაგრამ რაც საჭირო იყო გააკეთა - გაიმარჯვა!

შესაბამისად, საპასუხო მატჩისწინ თავი ჩინებულ სიტუაციაში ჩააგდო და „იოჰან კრუიფ არენაზე“ თუ არ წააგებს, ფინალისტიც გახდება. იქამდე კი, დონი ვან დე ბეეკის ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა ყველაფერი, რომელიც ჰაკიმ ზიეჩის ჩინებული სათამაშო ოსტატობის წყალობით უგო ლორისთან მარტო აღმოჩნდა და იმდენი დრო ჰქონდა დარტყმის განსახორციელებლად, რომ ვერგატანა უფრო ძნელი იყო, ვიდრე გატანა. საერთოდ, მოსაწყენი თამაში გამოვიდა - „ტოტენჰემს“ არ შეეძლო შეტევა და კარშიც ერთადერთხელ დაარტყა, სახიფათო მომენტს კი ვერც ვიხსენებთ. საპასუხოდ, „აიაქსმა“ ანგარიშის შენარჩუნებას უფრო მეტი დრო დაუთმო, მაგრამ მატჩის ბოლოს დავიდ ნერეშს ძელმა შეუშალა ხელი, თორემ სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. „აიაქსმა“ მოიგო და ახლა რამდენიმე საინტერესო ფაქტსაც გეტყვით.

მაგალითისთვის, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 17-ჯერ დამარცხებულა მასპინძელი პირველ შეხვედრაში და ფინალში გასვლა მხოლოდ ერთმა მოახერხა. ეს ერთი გუნდი კი1995-1996 წლების სეზონში სწორედ „აიაქსი“ იყო, რომელმაც ათენის „პანათინაიკოსს“ შინ მარცხის მერე, სტუმრად აჯობა.

„აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც მერვედფინალიდან ნახევარფინალამდე სამივე საგარეო მატჩი მოიგო. წინა ორ შემთხვევაში ამის ჩამდენი გუნდი ჩემპიონი ხდებოდა - „ბაიერნი“ 2012-2013 და „რეალი“ 2017-2018... ამსტერდამელებმა მიჯრით 9 საგარეო შეხვედრაში გაიტანეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე და ეს ამ გუნდის ისტორიაში პირველად მოხდა.

დონი ვან დე ბეეკი რიგით მესამე ახალგაზრდა ფეხბურთელია „აიაქსის“ ისტორიაში (22 წელი და 12 დღე), რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუტანია. მასზე უფრო პატარა ასაკში იგივე ნორდინ ვუტერმა (19 წელი და 237 დღე) და მარიო მელხიოტმა გააკეთეს (20 წელი და 170 დღე).

აი, მატის დე ლიხტი კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

ფაქტია ისიც, რომ „აიაქსი“ უკეთესი გუნდია, ვიდრე „ტოტენჰემი“ და ფინალსაც უფრო მეტად იმსახურებს. და მაინც, „მამლების“ ჩამოწერაც არ ივარგებს და წინ კიდევ ერთი 90 წუთია, რომელიც „იოჰან კრუიფ არენაზე“ ზუსტად ერთ კვირაში, 8 მაისს შედგება.

„ტოტენჰემი“ – „აიაქსი“ 0:1 (0:1) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“

მაყურებელი: 60 243

„ტოტენჰემი“ (3-4-3): ლორისი; ალდერვეირელდი, სანჩესი, ვერტონგენი (სისოკო 39); ტრიპიერი (ფოიტი 80), ერიკსენი, ვანიამა, როუზი (დევისი 79); ალი, ლორენტე, ლუკას მოურა

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„აიაქსი“ (4-2-3-1): ონანა; ველტმანი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო; შონე (მაზრაუი 65), დე იონგი; ზიეჩი (ჰუნტელაარი 87), ვან დე ბეეკი, ნერეში; ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლი: 0:1 ვან დე ბეეკი (15)

გაფრთხილება: ტალიაფიკო (30), ველტმანი (63)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 5 (2) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 0:5

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

0.149759