ფეხბურთი

3:59 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი: "რენმა" 48 წლის შემდეგ ტიტული მოიგო!

„რენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია! იულიენ სტეფანის გუნდმა პარიზში, „სტად დე ფრანსზე“ თვით „პარი სენ ჟერმენი“ ძალზე დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა და 48 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო!

დიახ, „რენმა“ ბოლოს ტროფეი 1971 წელს მოიპოვა და მაშინაც საფრანგეთის თასი. საერთოდაც, ეს ტიტული შავ-წითლებმა ისტორიაში მესამედ მოიგეს. თავად მატჩი კი უაღრესად საინტერესო და დრამატული გამოდგა.

ტომას ტუხელის პსჟ-სთვის შეხვედრა დიდებულად დაიწყო. ჯერ დანი ალვეშმა გაიტანა ფანტასტიკური გოლი და მერე, ნეიმარმა არანაკლებ სიმალაზის გოლი გამოაცხო - ეს ყველაფერი 21-ე წუთისთვის! რა თქმა უნდა, აქ „რენი“ ყველას განწირული ეგონა, რადგან პარიზელებთან, რომლებიც ისედაც აშკარა ფავორიტებად ითვლებოდნენ, ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა პრაქტიკულად წარმოუდგენელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა.

პირველი ტაიმის მიწურულს პრისნელ კიმპემბემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „რენი“ ბრძოლაში დაბრუნდა. მეორე ნახევრის შუაწელს კი მექსემ საერთოდაც გაათანაბრა. ძირითად და დამატებით დროში მეტი გოლი აღარ გასულა, სტეფანის გუნდმა თავი ჩინებულად დაიცვა და 118-ე წუთზე კილიან მბაპე უხეშობისთვის გააძევეს. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა.

გუნდებმა საწყისი 5-5 თერთმეტმეტრიანი უშეცდომოდ დაარტყეს, ისევე როგორც „რენმა“ მეექვსეც. თუმცა, პარიზელმა კრისტოფერ ნკუნკუმ იგივე ვერ გააკეთა და „რენმა“ ისტორია დაწერა! ტიტული 48 წლის შემდეგ, ტიტული პარიზში, „პარი სენ ჟერმენთან“!

ბოლოსკენ, ვთქვათ, ფინანსური შესაძლებლობების შესახებ და იმის შესახებ, თუ რამხელა სხვაობაა პსჟ-სა და "რენს" შორის. თუმცა, ზოგჯერ, ფეხბურთში ყველაფერს ფულით ვერ იყიდი...

„რეიმსი“ - პსჟ 2:2 პენ: 6:5 (1:2)

გოლები: 0:1 დანი ალვეში (13), 0:2 ნეიმარი (21), 1:2 კიმპემბე (40, ა.გ), 2:2 მექსე (66)

პენალტების სერია: 1:0 ნიანგი, 1:1 კავანი, 2:1 ბენ არფა, 2:2 დანი ალვეში, 3:2 გრენიე, 3:3 პარედესი, 4:3 სილიკი, 4:4 ბერნატი, 5:4 ბენსებაინი, 5:5 ნეიმარი, 6:5 სარი, 6:5 ნკუნკუ (ააცილა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115206