ფეხბურთი

21:45 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივმა" გაიხარა, "რუსთავი" ისევ ვერ იგებს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე წრე აუტსაიდერების, „რუსთავისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ მატჩით დაიწყო. ქვემო ქართლელები ამ მატჩამდე მოუგებლად მოვიდნენ, ხოლო „რკინიგზელებს“ უკანასკნელი 6 თამაში მიჯრით ჰქონდა წაგებული. მოკლედ, გამარჯვება უბრალოდ სამ ქულას არ ნიშნავდა - ფსიქოლოგიურადაც დიდი დატვირთვა ჰქონდა.

პრინციპულ დუელში გამარჯვებული „ლოკომოტივი“ გამოვიდა და ლევან კორღალიძემ სადებიუტო სამი ქულა მოაპოვებინა თავის გუნდს. ანგარიში მალევე, მესამე წუთზე გაიხსნა, როდესაც ფლანგური გადაცემის შემდეგ ლუკა გადრანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და „ლოკო“ დაწინაურდა.

სტუმრებმა უპირატესობა მე-60 წუთზე განიმტკიცეს. ზუკა დავითაშვილმა კონტრშეტევა სწრაფად და გააზრებულად განავითარა და თორნიკე კირკიტაძემ ძლიერი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამრიგად, „ლოკომოტივმა“ 6-მატჩიანი უქულო სერია დაასრულა და ერთი საფეხურითაც დაწინაურდა, „რუსთავის“ წარუმატებელ გარჯას კი დასასრული არ უჩანს - არცერთი გამარჯვება და სამი ქულა 10 ტურის შემდეგ.

„რუსთავი“ – „ლოკომოტივი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გადრანი (3, ა.გ), 0:2 კირკიტაძე (60)

0.112755