ფეხბურთი

21:04 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

35 წლის შემდეგ ინგლისური გუნდების საუკეთესო შედეგი ევროთასებზე

ინგლისური საკლუბო ფეხბურთისთვის მიმდინარე სეზონის ევროტურნირები ძალიან წარმატებულია. ჩემპიონთა და ევროპა ლიგების ნახევარფინალებში შემორჩენილი 8 გუნდიდან ოთხი სწორედ პრემიერლიგას წარმოადგენს.

მსგავსი შედეგით კი ინგლისური გუნდები ბოლოს 35 წლის წინ გამოირჩნენ. 1983-1984 წლების სეზონში ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში „ლივერპული“ იყო, რომელმაც ბუქარესტის „დინამო“ დაამარცხა და მერე ფინალშიც გაიმარჯვა.

იმავე წელს, თასების თასის ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „იუვენტუსთან“ (1:1, 1:2) დამარცხდა, ხოლო „ტოტენჰემი“ და „ნოტინგემ ფორესტი“ უეფას თასის ნახევარფინალში ასპარეზობდნენ. „ტოტენჰემმა“ სპლიტის „ჰაიდუკი“ (1:2, 1:0) დაამარცხა, ხოლო „ნოტინგემი“ „ანდერლეხტთან“ (2:0, 0:3) დამარცხდა. ფინალში კი „მამლებმა“ ბრიუსელელებს აჯობეს და უეფას თასი მოიგეს (1:1, პენალტებში 4:3).

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპული“ „ბარსელონას“, ხოლო „ტოტენჰემი“ „აიაქსს“ შეხვდება. რაც შეეხება ევროპა ლიგას, „არსენალის“ მეტოქე „ვალენსია“ იქნება, ხოლო „ჩელსი“ ფრანკფურტის „აინტრახტს“ დაუპირისპირდება.

Loading...
სტატისტიკა
0.306655