სხვა

18:05 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: "ბათუმში ძალოსნობის ზეიმი შედგა"

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა ბათუმში დასრულებული ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

"ბათუმში ძალოსნობის ზეიმი შედგა!
საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა გუნდური პირველი ადგილი და 15 სხვადასხვა სინჯის მედალი დაისაკუთრა.
გუნდმა, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა.
ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ნაკრებმა კი საკუთარი შედეგები გააუმჯობესა და საქართველოს რეკორდები დაამყარა. ქალთა შორის მედლების მოპოვების შანსიც იქნებოდა, თუმცა ნაკრების ლიდერი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, დედობისთვის ემზადება. ნაკრების კიდევ ერთი წევრი კი უდისციპლინობის გამო გუნდის შემადგენლობაში ვერ მოხვდა. ფედერაციის ბოლო წლების შედეგები კი სწორედ დისციპლინასა და პროფესიონალიზმს ეფუძნება.
ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე გვყავდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პირველი კატეგორიის მსაჯი კობა ობოლაშვილი.
ბათუმის სალიცენზიო ევროპის ჩემპიონატი გამოირჩეოდა სპორტსმენთა და ოფიციალურ პირთა რეკორდული რაოდენობით. ასევე ახალ სპორტის სასახლეში ძალოსნობამ ბოლო წლებისგან განსხვავებით დაამყარა გულშემატკივართა დასწრების რეკორდული მაჩვენებელი.
რეკორდული იყო აკრედიტირებულ ჟურნალისტთა რაოდენობაც. მედიის წარმომადგენელთა რიცხვმა 100 მიაღწია.
ასევე სარეკორდო იყო ძალოსნობაში პირდაპირი ეთერის საათების რაოდენობაც. ბათუმი 55 ქვეყნის 60 მილიონიანი აუდიტორიის ობიექტივში მოხვდა.
ასევე პირველად, ქართველმა გულშემატკივარმა ამ რანგის ჩემპიონატზე იხილა ერთდროულად აღმართული ორი ქართული დროშა.
უცხოელი დელეგაციების მხრიდან არ ყოფილა არცერთი უარყოფითი კომენტარი. აღმასკომის წევრებისა თუ ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, საქართველომ, როგორც მასპინძელმა, მაღალი რანგის და ინოვაციური ჩემპიონატი ჩაატარა და ქვეყანა მზადაა არათუ მსოფლიო ჩემპიონატს, არამედ ოლიმპიადასაც უმასპინძლოს.
ჩემპიონატმა ინტერესი გამოიწვია როგორც ჩვეულებრივ გულშემატკივართა, ისე მთავრობის ხელმძღვანელთა შორისაც. ევროპის ჩემპიონატის გახსნასაც და დახურვასაც ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ.
ამ შედეგამდე ბოლო წლები სტაბილურად ვემზადებოდით, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი საორგანიზაციო კომიტეტი აქტიურად მუშაობდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, ექიმებსა და სარეაბილიტაციო ჯგუფს. ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს. საქართველოს მთავრობას მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით. მადლობა სპორტის მესვეურებს, ბათუმის მერიასა და აჭარის ტურიზმს.
და, რაღა თქმა უნდა ჩვენს გმირებს - ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს, მათ პირად და ნაკრებების მწვრთნელებს.
ერთად საქართველოსთვის!"

0.15315