სხვა

18:50 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020-ის კალენდარი გამოქვეყნდა

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა მომავალ ოლიმპიურ ასპარეზობათა სრული კალენდარი გამოაქვეყნეს (სრულ განრიგს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ). კალენდარში შეტანილია სპორტის 33 სახეობა და მისი 339 დისციპლინა.

ტოკიოს თამაშები ოფიციალურად 24 ივლისს აიღებს სტარტს და 9 აგვისტოს დასრულდება, თუმცა შეჯიბრებები თამაშების გახსნამდე ორი დღით ადრე ქალთა საფეხბურთო მატჩებით დაიწყება. უშუალოდ გახსნის დღეს ასპარეზობები გაიმართება ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში, ხოლო პირველი ჩემპიონი გამოვლინდება გახსნის მეორე, ოფიციალურად კი პირველ საასპარეზო დღეს - ეს მოხდება ქალებში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ამავე დღეს მედლები გათამაშდება მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ფარიკაობაში, ძიუდოში, ტაეკვონდოში და ძალოსნობაში, მთლიანობაში - 7 სახეობაში.

ყველაზე დატვირთული დღე იქნება შაბათს, 1 აგვისტოს. გადატვირთული კალენდრის გამო, მას „სუპერ შაბათიც" კი დაანათლეს. ამ დღეს სპორტის 13 სახეობაში 21 მედალი გათამაშდება, ამას მოყვება „ოქროს კვირა", როდესაც 26 მედალი გათამაშდება.

აღსანიშნავია, რომ ტოკიო-2020-ის მიერ გამოქვეყნებულ კალენდარში კრივის საასპარეზო გრაფიკი პირობითად 25 ივლისი - 9 აგვისტოთია განსაზღვრული. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელმა საბჭომ 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, კრივის ოლიმპიური მომავალი გაურკვეველი ვადით შეაჩერა.

26 ივლისი-2 აგვისტოს უნდა გაიმართოს ასპარეზობები სერფინგში, მაგრამ შეჯიბრებათა განრიგი ტალღების სიხშირეზე და სიმაღლეზე იქნება დამოკიდებული.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 206 ქვეყნის 11 ათასზე მეტ ოლიმპიელს ელიან, მათ შორის საქართველოდან.

ტოკიოს თამაშებზე ოლიმპიური დებიუტი ექნება მეკლდეურობას, კარატეს, სერფინგსა და სკეიტბორდინგს.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118147