ავტოსპორტი

18:08 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის მე-1000 რბოლა ჰამილტონმა მოიგო

ლუის ჰამილტონის ფორმულა 1-ის მე-1000 რბოლაში გამარჯვება მოიპოვა, „მერსედესმა“ კი სეზონის მესამე რბოლაც დუბლით მოიგო. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სტარტზევე ჩამოიტოვა პოულზე მყოფი თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი და რბოლის განმავლობაში ლიდერობა მხოლოდ პიტ სტოპზე ყოფნისას, მცირე ხნით დათმო.

ეს ამ სეზონში ჰამილტონის მეორე, კარიერაში კი 75-ე გამარჯვებაა, რითაც ჩემპიონატში ლიდერობა ბოტასს ჩამოართვა. სებასტიან ფეტელი მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. და ამისთვის მას შუა რბოლისას, მაქს ფერსტაპენის შეტევის მოგერიება დასჭირდა. უსწრაფესი წრის ერთი ქულა კი „რედ ბულის“ პიერ გასლიმ დაისაკუთრა, ვინც ამისათვის, ფინიშამდე ორი წრით ადრე გამოცვალა საბურავი.

„მეათასე რბოლის დუბლით მოგება მართლაც განსაკუთრებული რამაა. სტარტზე უპირატესობას მივაღწიე, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც მე-900 რბოლაც მოგებული აქვს (ბაჰრეინში, 2014 წელს). ამგვარად, ბრიტანელს 16 მოგებაღა დარჩა იმისათვის, რომ მიხაელ შუმახერის რეკორდს - 91 გამარჯვებას მიაღწიოს.

საინტერესოა, რომ ამ სეზონში გამრთულ სამ რბოლაში, პოულიდან რბოლის დამწყებმა, გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ავსტრალიაში ჰამილტონი პოულზე იყო, რბოლაში კი ბოტასმა გაიმარჯვა, ბაჰრეინში კი პოულზე შარლ ლეკლერი იდგა, მაგრამ ფინიშთან პირველი ჰამილტონი მივიდა.

„ვფიქრობ, სტარტზევე წავაგე. მანქანა კარჰად მუშაობდა და სისწრაფეც კარგი ჰქონდა. დასაწყისში, ჭუჭყიან სივრცეში მიყოლას ვერ ვახერხებდი. სამწუხაროდ, სტარტზე ბორბლები სტარტ-ფინიშის თეთრ ზოლზე მომისრიალდა, რომელიც ჩემი სასტარტო პოზიციიდან ახლოს იყო. სწორედ აქ დავკარგე ტემპი“, - ყვება ბოტასი.

სტარტზე თანაგუნდელი ლეკლერმაც ჩამოიტოვა, მაგრამ მე-11 წრეზე გუნდსგან მითითება მიიღო, რომ ფეტელი მასზე სწრაფი იყო და უნდა გაეტარებინა. თუმცა „მერსედესების“ დაწევა ვერც მან შეძლო. ლეკლერმა კი მეოთხე პოზიციაც მაშინ დაკარგა, როცა პიტ სტოპიდან გამოსულს, წინ ფერსტაპენი დახვდა. რბოლის შემდეგ, „ფერარის“ შეფმა მატია ბინოტომ თავი იმართლა - გვინდოდა, ყველა ვარიანტი გვეცადაო.

ჩინეთის დიდი პრიზი

შანჰაი, დისტანცია 305.066 კმ (5.451 კმ, 56 წრე)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.06.350
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) +6.552
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 13.744
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 27.627
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 31.276
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:29.307
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1 წრე
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  10. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) 1 წრე
  11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  12. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1 წრე
  13. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  14. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  16. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2 წრე
  17. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 2 წრე
  18. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 6 წრე
  19. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 15 წრე
  20. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 40 წრე

უსწრაფესი წრე: პიერ გასლი - 1:34.742 (55-ე წრე, 207.126 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ლუის ჰამილტონი - 68 ქულა; 2. ვალტერი ბოტასი - 62; 3. მაქს ფერსტაპენი - 39; 4. სებასტიან ფეტელი - 37; 5. შარლ ლეკლერი - 36; 6. პიერ გასლი - 13; 7. კიმი რაიკონენი - 12; 8-9. ლანდო ნორისი, კევინ მაგნუსენი - 8; 10-11. ნიკო ჰულკენბერგი, დანიელ რიკარდო - 6; 12. სერხიო პერესი - 5; 13. ალექს ალბონი - 3; 14. ლანს სტროლი - 2; 15. დანიილ კვიატი - 1; 16-20. ანტონიო ჯოვინაცი, რომენ გროჟანი, კარლოს საინსი, 16. ჯორჯ რასელი და რობერტ კუბიცა - 0

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 130 ქულა; 2. ფერარი - 73; 3. რედ ბულ-ჰონდა - 52; 4-5. ალფა რომეო-ფერარი, რენო - 12; 6-7. ჰაას-ფერარი, მაკლარენ-რენო - 8; 8. რეისინგ პოინტ-მერსედესი - 7; 9. ტორო როსო-ჰონდა - 4; 10. უილიამს-მერსედესი - 0

Loading...
0.153862