ავტოსპორტი

18:33 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ის მე-1000 რბოლის პოულს ბოტასი დაიკავებს

ფორმულა 1-ის მე-1000 რბოლის სტარტზე მოწინავე პოზიციას ვალტერი ბოტასი დაიკავებს. მან სულ რაღაც, 0.023 წამით აჯობა თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელსაც შანჰაის ტრეკზე, წინა ექვსი საკვალიფიკაციო რბოლა აქვს მოგებული. მომდევნო ორ პოზიციას „ფერარის“ პილოტები - სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი დაიკავებენ.

ბოტასმა ამ სეზონის პირველი რბოლა - ავსტრალიის დიდი პრიზი მოიგო და ჩემპიონატს ერთი ქულით ლიდერობს. ამასთან, ის არის მესამე პილოტი, ვინც ამ სეზონში კვალიფიკაციაში გამარჯვება შეძლო. ავსტრალიასა და ბაჰრეინში პოულზე შესაბამისად, ჰამილტონი და ლეკლერი იდგნენ.

„კარგი წრე იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც ვისურვებდი. ბედად, პოულისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ლუისმაც კვალიფიკაციის მსვლელობისას ბევრად მოუმატა და საბოლოოდ, ძალიან დაძაბული ბრძოლა გამოგვივიდა“, - ნარბოლევს განაცხადა ბოტასმა, ვისთვისაც ეს გასული სეზონის სოჭის რბოლის (სექტემბერი) შემდეგ, პირველი და კარიერაში მეშვიდე პოულ პოზიციაა.

„ვულოცავ ვალტერის, ის მთელი უიკენდის განმავლობაში შეუდარებელია. მე კი მანქანასთან ბრძოლა მიწევდა. ასე ახლოს ვართ და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა ჰამილტონმა.

შანჰაის რბოლისთვის ფავორიტად ყველა „ფერარის“ ასახელებდა, მაგრამ წითლები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ იმ უპირატესობის გამოვლენას, რაც ბაჰრეინში ჰქონდათ. „ფერარის“ მანქანებს სწორზე ყველაზე მაღალი სიჩქარე აქვს, მაგრამ „მერსედესი“ მოსახვევების უფრო სწრაფად გავლის ხარჯზე აღწევენ უპირატესობას.

ათეულში სულ ხუთი გუნდის პილოტები შევიდნენ. ამასთან, ყოველ რიგში გვერდიგვერდ თანაგუნდელები დადგებიან. მესამე რიგი „რედ ბულისაა“, მეოთხე „რენოსი“, მეხუთე კი - „ჰაასის“.

რებოლის შემდგომ უკმაყოფილო იყო მაქს ფერსტაპენი, რომელმაც ბოლო სწრაფი წრე ვერ დაიწყო იმის გამო, რომ სანამ სტარტის ზოლს გადაკვეთდა, რბოლის დრო ამოუიწურა. ამ ყველაფერში კი მან „ფერარის“ პილოტი (ლეკლერი) დაადანაშაულა. 21 წლის ჰოლანდიელი თვლის, რომ მესამე პოზიციისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა.

2016 წლის შემდეგ პირველად, მოწინავე ათეულში ვერ მოხვდა კიმი რაიკონენი. მისმა თანაგუნდელმა ანტონიო ჯოვინაციმ რბოლაში მონაწილეობაც ვერ შეძლო, რისი მიზეზიც ძრავის პრობლემა გახდა. კვალიფიკაციაში არც ალექს ალბონს უასპარეზია, ვისაც მესამე პრაქტიკის დროს ავარია მოუვიდა. „ტორო როსომ“ მისი დაზიანებული მანქანის დროულად მომზადება ვეღარ მოასწრო.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

Q3

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:31.547
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31.570
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:31.848
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1:31.865
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:32.089
  6. პიერ გასლი (საფრანგეთი, რედ ბული) 1:32.930
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1:32.958
  8. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:32.962
  9. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) დროის გარეშე
  10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) დროის გარეშე

Q2

  1. დანიილ კვიატი (რუსეთი, ტორო როსო) 1:33.236
  2. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1:33.299
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1:33.419
  4. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1:33.523
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:33.967

Q1

  1. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1:34.292
  2. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1:35.253
  3. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, უილიამსი) 1:35.281
  4. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) დროის გარეშე
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, ტორო როსო) დროის გარეშე
0.178887