ფეხბურთი

2:25 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეპმა რაღაც ვერ გათვალა, "ლივერპულმა" ნახევარფინალისკენ გაიხედა (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპიც დაიწყო. ვერ ვიტყვით, რომ ისე დაიწყო, როგორც ველოდით. ორი არცთუ სანახაობრივი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის თასამა და შესაბამისად, მისგან მოლოდინი გაცილებით დიდია.

ლონდონში, ისტორიული დღე იყო. „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმზე“ პირველად გაისმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. „ტოტენჰემმა“ კი „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა და ბუნებრივია, არანაირად არ სურდა ახალ სტადიონზე პირველი ევროპული მატჩი ისტორიაში უარყოფითად შეენახა.

თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ორივე გუნდის კართან სახიფათო მომენტები თითქმის არ იქმნებოდა. პეპ გვარდიოლამ თავიდანვე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, კევინ დე ბრუინი და ლეროი სანე თადარიგში დატოვა. თუმცა, „სიტის“ მალევე შეეძლო წინ გასვლა. დენი როუზს საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა და ვიდეორეფერთან გადამოწმების შედეგად, ბიორნ კუიპერსმა პენალტი დანიშნა. ბურთთან კუნ აგუერო მივიდა, მაგრამ დუელში გამარჯვებული უგო ლორისი გამოვიდა. ფრანგმა მიჯრით მესამე პენალტი მოიგერია. თავის მხრივ აგუერომ ანტირეკორდი დაამყარა. 2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც მას ჰქონდა ლიგაზე დებიუტი, თერთმეტმეტრიანი ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ გააცუდა. მოკლედ, „სიტიმ“ საჩუქარი ვერ შეირგო და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს არათუ ყველაზე, არამედ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი გამოდგა მთელ შეხვედრაში, რომელიც „ქალაქელებმა“ შექმნეს.

შეტევაში დიდად ვერც „ტოტენჰემი“ აქტიურობდა და პირველ ტაიმში მხოლოდ ჰარი კეინის დარტყმის გახსენება შეიძლება. სხვათა შორის, კეინი მეორე ნახევარში დაშავდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. ერთადერთი გოლი კი ჰონ-მინ სონის დიდებულ თამაშს მოჰყვა. სამხრეთ კორეელმა საჯარიმოში ბოლომდე იბრძოლა, დელფიც მოატყუა და ედერსონს გაუტანა. ვერც ბრაზილიელი მეკარე გაისარჯა ისე, როგორც მაღალი დონის მეკარეს ეკადრება. შედეგად, „ტოტენჰემმა“ ახალ სტადიონზე მეორე, ჩემპიონთა ლიგაზე პირველი თამაში მოიგო და მანჩესტერში დადებითი შედეგით ჩავა. რა თქმა უნდა, 1:0 არაა გადამწყვეტი უპირატესობა, მაგრამ „სიტის“ სანერვიულო ნამდვილად ექნება. ისე კი, ნამატჩევს, გვარდიოლას, რომელმაც აწ ნახსენები დე ბრუინი და სანე მხოლოდ 89-ე წუთზე ჩართო თამაშში, ნერვიულობა არ ეტყობოდა. შეგირდების გარჯით კმაყოფილიც დარჩა და მაგალითიც მოიყვანა - ერთი წლის წინ („ლივერპულთან“ 0:3) უარეს დღეში ვიყავითო. ვნახოთ, პეპი რას შეცვლის ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, შესაცვლელი კი ამ თამაშის შემხედვარე მართლაც ბევრია.

დღის მეორე მატჩიც ინგლისში შედგა. „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულმა“ „პორტუს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, ძალების მაქსიმალური დაზოგვით აჯობა. დასკვნების გაკეთება და მითუფრო პროგნოზირება ადრეა, მაგრამ მაინც, „წითლები“ ცალი ფეხით ნახევარფინალში არიან.

იურგენ კლოპის გუნდი უკვე 26-ე წუთზე იგებდა კომფორტულად და ეს ანგარიში თამაშის ბოლომდეც შეინარჩუნა. ჯერ ნაბი კეიტამ გაიტანა ოლივერ ტორესის რიკოშეტის წყალობით, მერე რობერტო ფირმინომ ცარიელი კარი დალაშქრა - 2:0. „პორტუს“ ჰქონდა თავისი შანსები, მაგრამ მეტწილად, მუსა მარეგა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. თავის მხრივ, „ლივერპულს“ კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ გაიტანა. როგორც უნდა იყოს, „დრაგაუზე“ მერსისაიდელები დიდებული ჰანდიკაპითი ჩადიან, წყვილში ისედაც აშკარა ფავორიტები იყვნენ და ახლა ხომ საერთოდ.

„ტოტენჰემი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:0 (0:0) VIDEO

ლონდონი, „ტოტენჰემ ჰოტსპურ სთედიუმი“

მაყურებელი: 60 044

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი; სისოკო, ვინკსი (ვანიამა 81); დელე ალი (ლორენტე 87), ერიკსენი, სონი; კეინი (ლუკას მოურა 58)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი; გუნდოგანი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (დე ბრუინი 89); მაჰრეზი (სანე 89), აგუერო (გაბრიელ ჟესუსი 71), სტერლინგი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 სონი (78)

გაფრთხილება: როუზი (12) - ლაპორტი (28), მაჰრეზი (59)

გაცუდებული პენალტი: აგუერო (13, პენ)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

„ლივერპული“ – „პორტუ“ 2:0 (2:0) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 52 465

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, მილნერი; ჰენდერსონი, ფაბინიო, კეიტა; სალაჰი, ფირმინო (სტარიჯი 82), მანე (ორიჯი 73)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„პორტუ“ (4-4-2): კასილიასი; მაქსი პერეირა (ფერნანდო 77), ფელიპე, დერ მილიტაო, ალექს ტელეში; კორონა, დანილო, ოლივერ ტორესი (ბრუნო კოშტა 73), ოტავიო; მარეგა, სოარეში (ბრაჰიმი 62)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 1:0 კეიტა (5), 2:0 ფირმინო (26)

გაფრთხილება: სოარეში (17), ფელიპე (61)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოზი (ესპანეთი)

0.424673