ფეხბურთი

1:43 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიომინი კვარაცხელიას აქებს და უკვე სასტარტოშიც ათამაშებს: "ხვიჩა ახალგაზრდა ტალანტია"

რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და დაუზავდა (1:1).

ეს თამაში ჩვენთვის იმით იყო გამორჩეული, რომ „რკინიგზელთა“ ორივე ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და სოლომონ კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ამ უკანასკნელის სასტარტოში გამოჩენა ბუნებრივია რა გასაკვირია, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ 18 წლის კვარაცხელია „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა.

საერთოდ, რაც დრო გადის, იური სიომინი ჩვენებურს უფრო და უფრო ენდობა და თანაც კმაყოფილია. ჯერ იყო ცვლილებებიდან უზრდიდა მეთოდურად სათამაშო დროს, ახლა ასეთ მნიშვნელოვან და პრინციპულ მატჩში ძირითადში გაამწესა. მართლაც დიდი ნდობაა.

თუმცა, ხვიჩამ ოდენ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე და შესვენებაზე სიომინმა შეცვალა. ამასთან დაკავშირებით ნამატჩევს გამოცდილმა სპეციალისტმა ისაუბრა:

„მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. ის კარგად ვარჯიშობს გუნდთან ერთად და ცუდად არ უთამაშია. ხვიჩა ახალგაზრდა და ნიჭიერია. თავიდანვე ასე გვქონდა დაგეგმილი, 45 წუთი უნდა ეთამაშა და შემდეგ ფერნანდესი ჩაერთვებოდა. მანუ (ფერნანდესი) არაა საუკეთესო კონდიციებში, მაგრამ თამაშში ჩინებულად ჩაერთო“, - თქვა სიომინმა.

შეხვედრას რაც შეეხება, ორივე გოლი ნაანტრაქტევს გავიდა. ჯერ სტუმრებმა გაიტანეს (რაკიცკი 54-ე წუთი), შემდეგ მასპინძლებმა გაათანაბრეს (იგნატიევი 61-ე წუთი), კვირკველიამ კი შეუცვლელად ითამაშა. „ლოკომოტივი“ 22 ტურის შემდეგ 39 ქულით მეოთხე ადგილზეა. მასზე წინ მხოლოდ „ზენიტი“ (45 ქულა), „კრასნოდარი“ (41) და ცსკა (40) არიან.

ასე, რომ სავსებით რეალურია, რომ „რკინიგზელებმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ მოიპოვონ. რუსეთის პრემიერლიგას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში სამი ადგილი აქვს გამოყოფილი.

0.156314